
HRW – საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა
12/01/2023 11:49:07 საზოგადოება
Human Rights Watch-ის (HRW) ახალ ანგარიშში, რომელიც 2022 წლის განმავლობაში საქართველოში არსებულ მდგომარეობას აფასებს, ნათქვამია, რომ „მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა, რაც გამოიხატა მედიის წარმომადგენლებზე მრავალ თავდასხმასა და კრიტიკული ტელევიზიის დირექტორის დაპატიმრებაში“.
"მაისში სასამართლომ ნიკა გვარამიას, წამყვანი კრიტიკული ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორს სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებისას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, სხვა კერძო ტელეკომპანიის დირექტორობის პერიოდში. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მისმა მენეჯერულმა გადაწყვეტილებებმა კომპანიას ნაკლები მოგება მოუტანა. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ გადაწყვეტილება გააკრიტიკა, როგორც უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული. საქართველოს სახალხო დამცველი ამტკიცებდა, რომ კომპანიის დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც საზიანო, არ შეიძლება დაექვემდებაროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და საქმის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა. ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. [...] ივნისში ბათუმში ორი პირი "TV პირველის" ოპერატორ მურმან ზოიძეს თავს დაესხა . შსს-მ მომხდართან დაკავშირებით ორი პირი დააკავა. ივლისში პროკურატურამ დაიწყო გამოძიება შემთხვევაზე, როდესაც დეპუტატი, სავარაუდოდ, ფიზიკურად თავს დაესხა TV პირველის დამფუძნებელ ვახტანგ წერეთელს. მაისში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გათავისუფლებულმა სამმა ჟურნალისტმა არხის მენეჯმენტი დაადანაშაულა ცენზურასა და სარედაქციო პოლიტიკაში „უხეშ ჩარევაში“, განსაკუთრებით, რუსეთის მიმართ კრიტიკული მასალების მომზადებისას", – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წელს შემაშფოთებელი იყო „პასუხისმგებლობის ნაკლებობა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე, უკანონო მიყურადებაზე, უსამართლო შრომით პირობებზე, ქალებისა და ლგბტ ადამიანების მიმართ ძალადობაზე“:
"2021 წლის დეკემბერში პარლამენტმა დაჩქარებული წესით გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც დამოუკიდებლად იძიებდა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს. მის ნაცვლად ორი უწყება შეიქმნა, რომელთაგან ერთს ევალება სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევების მოკვლევა, ხოლო მეორეს პერსონალურ მონაცემთა დაცვა. ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც სახელმწიფო ინსპექტორმა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დარღვევის გამოძიება დაიწყო. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა, პარლამენტს მოუწოდა, არ მიეღო ეს კანონპროექტი, რადგან ის არ ყოფილა „სათანადოდ განხილული დაინტერესებულ მხარეებთან [და] ასუსტებდა დამოუკიდებლად მოქმედ ინსტიტუტს". ოქტომბრის მდგომარეობით, სახალხო დამცველის აპარატში 70 საჩივარი იყო შესული ციხის პერსონალის და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. მათგან 61-ს შესაბამისი უწყებები იძიებდა. სახალხო დამცველის აპარატმა თხოვნით მიმართა საგამოძიებო უწყებას, გამოძიება დაეწყო დანარჩენ საჩივრებზე. ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთ მათგანზე არ დაწყებულა. იანვარში ადგილობრივი ტელეარხებით გადაიცა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, როგორ სცემდა მეტროში პოლიციელი 17 წლის სმენადაქვეითებულ ბიჭს. მეორე პოლიციელს, რომელიც იქვე იდგა, არ უცდია მისი შეჩერება. შემთხვევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოიძია და ივლისში სასამართლომ მოძალადე პოლიციელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მაისში ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის „სირცხვილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მჟავანაძემ, განაცხადა, რომ თბილისის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ის ჯარიმის დადგენილების წამოსაღებად მივიდა, პოლიციელებმა ბორკილები დაადეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც ძალადობრივ სამოხელეო დანაშაულებს იძიებს, მოკვლევა დაიწყო, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მჟავანაძე დაუმორჩილებლობის გამო დააკავა. ივნისში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკამათო ცვლილებები კანონში ფარული თვალთვალის და მიყურადების შესახებ. მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ამ კანონით დასაშვები გახდა ადამიანების უვადო ფარული მოსმენა და თვალთვალი ამ ადამიანების ინფორმირების გარეშე. ეს ნორმა 77 დანაშაულზე ვრცელდება, რომელთა შორისაც ახლა არის ტრეფიკინგი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა და ნარკოდანაშაული. აგვისტოში ვენეციის კომისიამ, ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ კონსტიტუციურ საკითხებში, მოუწოდა ხელისუფლებას, გადახედოს ამ კანონს. კომისიის განცხადებით, „ფარული თვალთვალი გამონაკლის ზომად უნდა განიხილებოდეს“ და სახელმწიფოს მხრიდან „ფრთხილ ფორმულირებას და ვიწრო გაგებით ინტერპრეტირებას“ საჭიროებს. სექტემბერში პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო, მაგრამ მმართველმა პარტიამ ეს ვეტო სექტემბერშივე დაძლია. სექტემბერში ოპოზიციურმა სატელევიზიო არხმა „ტვ პირველმა“ გაჟონილი მასალები გამოაქვეყნა, სადაც აღწერილია მასშტაბური თვალთვალი ოპოზიციურ პარტიებზე, რომელსაც, სავარაუდოდ, უსაფრთხოების სამსახური მმართველი პარტიის სასარგებლოდ ახორციელებდა. მასალებიდან ჩანს, რომ წამყვან პოლიტიკოსებს უთვალთვალებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სივრცეებში".