რუსეთმა ბრიტანეთის 36 მოქალაქეს სანქციები დაუწესა
12/01/2023 11:40:38 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი სანქციებს უწესებს დიდი ბრიტანეთის 36 მოქალაქეს, მათ შორის - მთავრობის წევრებს, ძალოვანი და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ასევე ჟურნალისტებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება დაკავშირებულია „დიდი ბრიტანეთის მთავრობის ანტირუსულ კურსთან“.
განცხადებაში არ არის ნახსენები, ვინ შევიდა რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების სიაში.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოსკოვმა გამოაცხადა, რომ სანქციები დაუწესა ბრიტანეთის ასობით მოქალაქეს ომთან დაკავშირებით ლონდონის პოზიციის საპასუხოდ. მათ შორის არიან ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატები სრული შემადგენლობით, ასევე მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრები, პოლიტიკოსები, სამხედროები და ბრიტანეთის წამყვანი მედიაორგანიზაციების ჟურნალისტები.


