
გიული ალასანია „რუსთავის 2"-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს არაავთენტურს უწოდებს
12/01/2023 10:59:25 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედა გიული ალასანია არ ადასტურებს ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობას და ამბობს, რომ ასეთი ფაქტი არ ყოფილა.
„რა უნდა მახსოვდეს, როცა ასეთი ფაქტი არ ყოფილა საერთოდ, არ მაინტერესებს საერთოდ ეგ საკითხი, იმიტომ რომ გამორიცხულია, მე რაც მოვისმინე ჟურნალისტებისგან, თურმე, ნუ იტყვი და ლამის აგენტები ვართ რუსეთის მე და ჩემი შვილი? უკაცრავად, იმიტომ ზის ის აქ და იმიტომ შემოვარდნენ 2008 წელს და იმიტომ იმუქრებოდა პუტინი, რომ ერთი ადგილით დაკიდებს?.. მე ახლა მაქვს სრულიად სხვა აქტუალური საკითხები. არ ვადასტურებ არანაირად. ეს, მე როგორც მითხრეს, ორი წლის წინ მოხდა, არა? ახლა რატომ გაახსენდათ? იმიტომ რომ ახლა პროცესები მიდის? რომ ავნონ ჩემს შვილს?“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
მანვე თქვა, რომ საერთოდ არ ახსოვს, ვინ არის გიორგი გახარია.
ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც არ არის დადასტურებული. "რუსთავი 2"-ის თანახმად, აუდიომასალა, რომელშიც „მთავარი ფიგურა მიხეილ სააკაშვილის დედაა“, 11 იანვარს "ექსკლუზიურად მოაწოდეს".
„ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა, დიდი ალბათობით, ფრაზები, რომელიც მასალაში ისმის, გიული ალასანიას ეკუთვნის. სააკაშვილის დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორი - ციტატა: "მთავარი ის არის რუსეთი რას ფიქრობს ამ მომენტში" - ამბობს ალასანია, რომელსაც შიში აქვს და არ იცის, რა დახვდება მის შვილს საქართველოში. და კიდევ ერთი ფრაზა, რომელიც თავდაყირა აყენებს მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილ საკუთარ პროდასავლურ ბიოგრაფიას - "არ ვიცი, შეიძლება ისევ თვითონ რუსეთმა არ ჩათვალოს საჭიროდ." რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი წყვეტდა ყოფილი პრეზიდენტის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებას. ჩანაწერი გაკეთებულია ექსპრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლამდე. წუთ-ნახევრიან სკანდალურ მასალაში, დიდი ალბათობით, გიული ალასანია ასევე საუბრობს ოპოზიციაზე, რომელსაც ბუნებით პარაზიტებს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი მუდამ მისი შვილის ხარჯზე იყვნენ. ახსენებს გიორგი გახარიას, რომელსაც ვიღაცა მომავლისთვის ამზადებს, მაგრამ ამ მომენტში ვერაფერს ბევრს ვერ მოიტანს, ახსენებს ივანიშვილს, რომელიც რუსებს არ უნდათ და საუბრობს ერთ-ერთ მედიასაშუალებაზე, რომელსაც მასალებს რუსები აწვდიან. აუდიომასალაში, რომელიც არ არის უწყვეტი, არ ჩანს, ვის ესაუბრება მიხეილ სააკაშვილის დედა. თუმცა ჩანს მთავარი: რუსული ხელი და რუსეთის ფაქტორი იმ მოვლენებში, რაც ქართულ პოლიტიკაში ბოლო წელიწად-ნახევარია ხდება“, - თქვეს "რუსთავი 2"-ის წამყვანებმა.