
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები – თავდასხმის შედეგად სოლედარში 100-ზე მეტი რუსი დაიღუპა
12/01/2023 07:29:03 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობა აცხადებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში 100–ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა.
სარდლობის მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგეზე, რომლის თავმოყრა სპეციალური ოპერაციების ძალების ოპერატორებმა რამდენიმე მონაკვეთზე აღმოაჩინეს, განხორციელდა საარტილერიო დარტყმები, ერთ მონაკვეთზე კი, გამოყენებული იყო ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „ტოჩკა-უ“.
"ასზე მეტი რუსი მაშინვე ჯოჯოხეთში წავიდა სოლედარის რეგიონში. ეს მოხდა სპეციალური ოპერაციების ძალების ჯარისკაცების, მსროლელებისა და რაკეტების კარგად კოორდინირებული მუშაობის წყალობით", - აღნიშნავს უწყება.
დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი ამ ეტაპზე ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. უკრაინის გენერალური შტაბი უარყოფს რუსეთის განცხადებებს, რომ სოლედარზე კონტროლი დაამყარა.