
საქართველო 2023 წლის "ძლიერი" პასპორტების რეიტინგში 2 პოზიციით დაწინაურდა
11/01/2023 16:16:07 საზოგადოება
კომპანია Henley & Partners-ის მსოფლიო საპასპორტო ინდექსის რეიტინგში, რომელიც ყველაზე „ძლიერ“ და ყველაზე „სუსტ“ პასპორტებს გამოავლენს, საქართველო 2023 წელს 2 პოზიციით დაწინაურდა და 50-ე ადგილზეა. გასულ წელს ქვეყანა 52–ე ადგილს იკავებდა.
რეიტინგის სათავეში იაპონიაა, რომლის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა (ან ვიზის ადგილზე მოთხოვნა) შეუძლიათ მსოფლიოს 193 ქვეყანაში. ბოლო ადგილზე ავღანეთია, საიდანაც უვიზოდ მხოლოდ 27 ქვეყანაშია მოგზაურობა შესაძლებელი.
საქართველოს მოქალაქეებს მათი პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ 116 ქვეყანაში.
თუ გაინტერესებთ რამდენ ქვეყანაში გაჭრის თქვენი ქვეყნის პასპორტი უვიზოდ მოგზაურობის დროს, ამ საიტზე შედიხართ და საძებო სისტემით ეძებთ თქვენს ქვეყანას.
პასპორტის მსოფლიო ინდექსი არის მსოფლიოს ქვეყნების პასპორტების რეიტინგი, რომელიც დგება იმის მიხედვით, თუ რამდენ ქვეყანაში შეუძლია უვიზოდ მოგზაურობა მის მფლობელს. სწორედ ამ ნიშნის მიხედვით მიიჩნევა ზოგიერთი პასპორტი უფრო მძლავრ პასპორტად, ვიდრე სხვები.