Accentnews.ge
თურქეთის ელჩმა ისრაელის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

თურქეთის ელჩმა ისრაელის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

11/01/2023 14:32:03 მსოფლიო

თურქეთის ელჩმა თელ-ავივში შაკირ ოზქან ტორუნლარმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ისრაელის პრეზიდენტს იცხაკ ჰერცოგს.

თურქეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი პრეზიდენტმა დასავლეთ იერუსალიმში, რეზიდენციაში მიიღო.

ეროვნული ჰიმნის შესრულებისა და რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ, ისრაელის პრეზიდენტმა და თურქეთის ელჩმა პრესისთვის განცხადება გააკეთეს.

„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ახალ მნიშვნელოვან ეტაპზე ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების განმტკიცებისა და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების გზაზე“, - განაცხადა ჰერცოგმა.

ჰერცოგმა მისი მიწვევა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესში პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა.

ისრაელის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარაში ისრაელის დროშის ხილვამ და ეროვნული ჰიმნის შესრულებამ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. „პრეზიდენტი ერდოღანი და მე მივესალმებით პროგრესს ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობებში. ისრაელის სახელმწიფო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთთან ისტორიულ კავშირებს“, - განაცხადა ჰერცოგმა.

მან ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების მცდელობებზე, მათ შორის ტურიზმის, მეცნიერების, კულტურისა და ენერგეტიკის სფეროებში.

„ეს სასარგებლო იქნება ორი ქვეყნის ხალხებისთვის და მთლიანად რეგიონისთვის. გასულ წელს თურქეთის პრეზიდენტმა ერთ-ერთ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ისრაელთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარების მნიშვნელობას. ვისარგებლებ შემთხვევით, მინდა, მოვიწვიო პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელში, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას“, - დასძინა პრეზიდენტმა.

ჰერცოგმა ასევე ისაუბრა თურქეთის როლზე როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

„მინდა, აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ანკარას პოლიტიკა და გავლენა იგრძნობა, კერძოდ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების კონტექსტში, როგორიცაა უკრაინის ომი, ტყვეთა გაცვლა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ტრანსპორტირება. ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების განმტკიცებას ორივე ქვეყნის ხალხებისა და მთლიანად რეგიონის უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

გასული წლის განმავლობაში თურქეთ-ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. ისრაელის პრეზიდენტი ანკარას ეწვია 2022 წლის მარტში, ხოლო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ მაისში ისრაელს ეწვია.

დიპლომატიური ურთიერთობების დონის ამაღლებისა და ელჩების ურთიერთდანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მხარეებმა 2022 წლის 17 აგვისტოს მიიღეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S