
მერია - თუ ზამთრის საბურავები არ გაქვთ, თავი შეიკავეთ გადაადგილებისგან
11/01/2023 10:52:24 საზოგადოება
თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ავტომანქანით გადაადგილებისგან, თუ მას არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები.
თბილისში რამდენიმე დღეა თოვს და ყინავს, მსგავსი ამინდი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
სტიქიამ პრობლემები შექმნა როგორც თბილისის, ისე თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე.
როგორც თბილისის მერია აცხადებს, გზებს აქტიურად წმენდენ და ბოლო დღეებში უკვე 1000 ტონა ტექნიკური მარილი დაყარეს.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, დავით ფაჩულიას თქმით, ამ ეტაპზე პრიორიტეტად რჩება ცენტრალური ქუჩებისა და გამზირების გაწმენდა.
„პრიორიტეტულია ცენტრალური ქუჩების და გამზირების გაწმენდა, რათა შეუფერხებლად იმოძრაოს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. რაც შეეხება მეორეხარისხოვან ქუჩებს და ჩიხებს, „თბილსერვის ჯგუფი“ აქტიურად თანამშრომლობს საპატრულო პოლიციასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან, ასევე, ოპერატიულად რეაგირებს ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებზე“, — განაცხადა დავით ფაჩულიამ.
მერიის ცნობით, გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია 200-მდე თანამშრომელი და სამი ათეული სპეციალური ტექნიკა.
პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს „თბილსერვის ჯგუფისა“ დათბილისის მერიის ცხელი ხაზი – 2 61 90 50, 2 72 22 22.