
წაქცეული ასწლოვანი ხეები, დაზიანებული სახლები და უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობა – რა ხდება იმერეთსა და სამეგრელოში
11/01/2023 08:25:50 საზოგადოება
იმერეთსა და სამეგრელოში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა.
სტიქიის გამო ქუთაისში ასწლოვანი ხეები წაიქცა.
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის მანძილზე მუშაობდნენ გაწმენდითი სამუშაოებისთვის, რათა მოძრაობა არ ჩაიკეტოს. მათივე ინფორმაციით, მერიაში არსებულ ცხელ ხაზზე, შეტყობინების შემდეგ, სწრაფი რეაგირება ხდება.
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონშიც. რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
„ენერგოპრო ჯორჯიას“ განმარტებით, ყველა პრობლემურ ადგილზე ჯგუფები უკვე მუშაობენ და ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.
გარდა ამისა, წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ცაიშსა და ცაცხვში ქარმა კერძო საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში ძლიერი ქარის შედაგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, მოგლეჯილია ხეები.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მობილური ჯგუფები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე საკონტროლო მონიტორონგს ახორციელებენ.
„ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის ნაწილს. ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები დილიდანვე აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ. ფოთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.
განსაკუთრებით ძლიერი ქარია ანაკლიაში, სანაპირო ზოლზე. სამაშველო სამსახური შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.
სტიქიის გამო ამ დროისათვის დაშავებული არავინაა.
გარემოს ეროვნული სააგნეტოს ინფორმაციით, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ქარის გაძლიერება.