ჯანმო „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტის გავრცელების საფრთხის გამო მოგზაურებს მოუწოდებს, კვლავ ატარონ პირბადე
11/01/2023 06:12:37 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურებს მოუწოდებს, კვლავ ატარონ პირბადე.
როგორც „როიტერი“ იუწყება, ამ რეკომენდაციის მიღება „ომიკრონის” ქვეტიპის XBB.1.5-ის აშშ-ში სწრაფად გავრცელების გამო გახდა საჭირო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთა რეკომენდაციია, რომ მგზავრებმა ხანგრძლივი ფრენების დროს ატარონ პირბადე. მათი თქმით, ეს რეკომენდაცია უნდა გაიცეს ყველა მგზავრისთვის, რომელიც იმ ქვეყნებში მოგზაურობს, სადაც „კოვიდ-19“ ფართოდ ვრცელდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ ქვეყნებმა უნდა შეისწავლონ მტკიცებულებები და ამის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილება მგზავრებისთვის გაფრენამდე ტესტების ჩატარების შესახებ.
ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 10 იანვარს გასცა პირბადის ტარებისა და ტესტირების რეკომენდაცია ევროპასა და ჩინეთს შორის შესრულებული ავიარეისების მგზავრებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ჩინეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა მზარდია. ევროკავშირმა გასულ კვირას გასცა რეკომენდაცია, რომ ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს ტესტირება ჩაუტარდეთ.


