რუსი გენერალი, რომელიც კადიროვისა და პრიგოჟინის კრიტიკის სამიზნეა, რუსეთის სახმელეთო ძალების მთავარი შტაბის მეთაურად დაინიშნა
10/01/2023 08:22:36 მსოფლიო
რუსეთის სახმელეთო ძალების მთავარი შტაბის მეთაურად დაინიშნა გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ჯარების დაჯგუფება "ცენტრს" ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
2022 წლის ივლისში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გენერალ-პოლკოვნიკ ლაპინს რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა, ოქტომბრის ბოლოს კი, ლაპინი დაჯგუფება „ცენტრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულს წინ უძღოდა ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვისა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის მხრიდან გენერალ ლაპინის მწვავე კრიტიკა უკრაინაში არაერთი მარცხის, მათ შორის ქალაქ ლიმანიდან უკან დახევის გამო.


