უკრაინაში განათლების ყოფილ მინისტრს 2 მლნ დოლარის ღირებულების ქონება ჩამოართვეს
09/01/2023 14:34:51 მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განათლების ყოფილ მინისტრ დმიტრო ტაბაჩნიკს 2 000 000 დოლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოფილ მინისტრს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება.
მისი ცნობით, იგი მონაწილეობას იღებდა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული ე.წ "რეფერენდუმების" ორგანიზებაში და პირადად უწევდა კონსულტაციას რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში დანიშნულ ე.წ "მაღალჩინოსნებს".
"ყოფილი მინისტრისთვის ჩამორთმეულ ქონებას შორის შედის: უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთები და ფული უცხოურ ვალუტებში", - იტყობინება უსაფრთხოების სამსახური.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ამ დრომდე დაკავებული არ არის, იგი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში იმალება. ტაბაჩნიკი განათლების მინისტრის პოზიციას ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის ვადისას იკავებდა.


