
CNN: ალ-ბაღდადი ზღვაშია დაკრძალული
29/10/2019 09:16:11 სხვა, მსოფლიო
ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ცხედარი ზღვაშია დაკრძალული,- იუწყება CNN პენტაგონის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით.
არსებული ინფორმაციით, ალ-ბაღდადი სირია-თურქეთის საზღვარზე 26 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს. სპეცოპერაციის მსვლელობისას დააკავეს ორი პირი, რომელთა ვინაობაც ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება. როგორც 27 ოქტომბერს NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო'ბრაიანმა განაცხადა, ალ-ბაღდადის ცხედარს "იგივე ბედი ელოდა, რაც 2011 წელს ზღვაში დაკრძალულ უსამა ბენ ლადენს და დაკრძალვის ეს ხერხი იმ მიზნით შეირჩა, რათა ტერორისტის საფლავი მოლოცვის ადგილად არ იქცეს".
28 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ალ-ბაღდადის სალიკვიდაციო სპეცოპერაციის ვიდეო-ფრაგმენტებს განასაჯაროებდა.
ცოტა ხნის წინ ოპერაციის დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. კერძოდ, სირიის დემოკრატიული ძალების ინფორმატორმა ოპერაციის დაწყებამდე "დაეშის" ლიდერის სამოსის ფრაგმენტის და სისხლის სინჯის მოპოვება მოახერხა, რის საფუძველზეც ალ-ბაღდადი საბოლოოდ იქნა იდენტიფიცირებული,- იუწყება CNN.
ალ-ბაღდადი 1971 წელს ირანულ სამარაში დაიბადა. სწავლობდა ღვთისმეტყველებას. 2004 წელს მათ წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის ეჭვის საფუძველზე ამერიკელი სამხედროების მიერ იქნა დაკავებული. გათავისუფების შემდეგ შეუერთდა ჯიჰადისტურ იატაკქვეშეთს და მალევე მის სათავეში აღმოჩნდა. 2014 წელს ალ-ბაღდადიმ თავი ხალიფად - ყველა მუსლიმის ლიდერად გამოაცხადა. მისი თაოსნობით "ისლამურმა სახელმწიფომ" ერაყსა და სირიაში ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიპყრო და მთელი რიგი ცივსისხლიანი ტერაქტებითა და სხვა სახის მძიმე დანაშაულებებით გაითქვა თავი.