უკრაინის გენშტაბი - რუსეთის შეტევა მოგერიებულია 13 დასახლებულ პუნქტთან
09/01/2023 06:23:24 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 31 საავიაციო და 7 სარაკეტო დარტყმა და 73 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგე ისევ უტევს ბახმუტის, ავდეევკის და ლიმანის მიმართულებებს და ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს კუპიანსკის მიმართულებით. გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 11 და ლუგანსკის ოლქის 2 დასახლებულ პუნქტთან.
გენერალური შტაბის ცნობით, თავდაცვის ძალების ავიაციამ 17 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 3 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე. ჩამოგდებულია 3 ვერტმფრენი და 3 უპილოტო საფრენი აპარატი. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობის და საბრძოლო ტექნიკის თავმოყრის 7 რაიონი.


