ბრაზილიაში ექს-პრეზიდენტ ბოლსონარუს 400-ზე მეტი მხარდამჭერი დააკავეს
09/01/2023 05:08:36 მსოფლიო
ბრაზილიის ექს-პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერებისგან პარლამენტის, პრეზიდენტის სასახლის და უზენაესი სასამართლოს შენობების გათავისუფლების შემდეგ პოლიციამ 400-ზე მეტი პირი დააკავა. ამის შესახებ ფედერალური ოლქის გუბერნატორი იბანეის როკა სოციალურ ქსელში წერს. იგი მომხდარს „ტერორისტულ შეტევას“ უწოდებს და აცხადებს, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის ყველა პასუხს აგებს. გუბერნატორის თქმით, გრძელდება მუშაობა წესრიგის აღსადგენად.
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები, რომლებიც გაყალბებულად მიიჩნევენ 2022 წლის ოქტომბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, 8 იანვარს შეიჭრნენ ქვეყნის კონგრესში, პრეზიდენტის სასახლესა და უზენაეს სასამართლოში. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა და დაახლოებით სამი საათის შემდეგ შეძლო შენობებიდან თავდამსხმელების გაყვანა.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ თავდასხმებს უწოდა "ვანდალიზმის და ფაშიზმის აქტები" და განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება.
ბრაზილიაში განვითარებული მოვლენები დაგმეს ლათინური ამერიკის, ევროკავშირის და აშშ-ის ლიდერებმა და მხარდაჭერა გამოუცხადეს ბრაზილიის პრეზიდენტს და ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
ბრაზილიის დედაქალაქში მომხდარს დღეს გამოეხმაურა ექს-პრეზიდენტი ბოლსონარუ. მან "ტვიტერზე" დაწერა, რომ კანონიერი ფორმით ჩატარებული მშვიდობიანი დემონსტრაციები დემოკრატიის ნაწილია, თუმცა, ძარცვა და საზოგადოებრივ შენობებზე თავდასხმები წესების ფარგლებს სცდება.
ბრაზილიაში 2022 წლის 30 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მემარცხენე ლუის ინასიუ ლულა და სილვამ მცირე უპირატესობით დაამარცხა იმჟამინდელი მოქმედი პრეზიდენტი, მემარჯვენე პოპულისტი ჟაირ ბოლსონარუ.
ბოლსონარუს, რომელსაც "ბრაზილიელ ტრამპს" უწოდებენ, არჩევნებში დამარცხება საჯაროდ არ უღიარებია, თუმცა, განაცხადა, რომ "კონსტიტუციას პატივს სცემს". ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის წინ, რომელიც 2023 წლის 1 იანვარს გაიმართა, ჟაირ ბოლსონარუმ ბრაზილია დატოვა და ფლორიდაში გაემგზავრა.
ბრაზილიაში 8 იანვარს განვითარებულმა მოვლენებმა ბევრს გაახსენა 2021 წლის 6 იანვარი, როცა აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის, არჩევნებში დამარცხებული დონალდ ტრამპის მომხრეები კონგრესში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ მას არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.


