სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზასთან დემონსტრაციის დროს 100-მდე პირი დააკავეს
09/01/2023 04:50:32 მსოფლიო
სომხეთის პოლიტიკური მოძრაობა „ეროვნული დემოკრატიული პოლუსი“ იტყობინება, რომ მის მიერ რუსეთის სამხედრო ბაზასთან, ქალაქ გიუმრიში მოწყობილი საპროტესტო აქციის დროს დააკავეს 100-მდე პირი.
დემონსტრანტებმა, რომლებიც აქციას მართავდნენ ლოზუნგით: „ბლოკადა განბლოკვის სახელით,“ რუსეთის სამხედრო ბაზასთან მიმავალი გზა გადაკეტეს. მათი მოთხოვნაა, რომ რუსეთის სამხედრო-სამშვიდობო კონტინგენტმა აღადგინოს მოძრაობა ლაჩინის დერეფანში, რომელიც სომხეთს აკავშირებს აზერბაიჯანის რეგიონთან, თვითგამოცხადებულ მთიან ყარაბაღთან.
აქციის მონაწილეების თქმით, თუ რუსეთის სამშვიდობო ძალები არ იმოქმედებენ აქტიურად, დემონსტრანტები მზად არიან ,ისინი „ოკუპანტებად“ გამოაცხადონ.
„მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ სომხეთი, არცახის (მთიანი ყარაბაღის რეგიონის სომხური დასახელება) ჩათვლით, 102 ბაზის სახით, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული", -განაცხადა "ეროვნული დემოკრატიული პოლუსის“ წევრმა გაჰე გასპარიანმა.
ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2020 წლის ომის შემდეგ დადებული შეთანხმებით, ლაჩინის დერეფანს აკონტროლებს ბაქო, ხოლო მას მეთვალყურეობას უწევენ რუსეთის სამშვიდობო ძალები.
დეკემბრის შუა რიცხვებში გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, დაბლოკა აზერბაიჯანელი დემონსტრანტების ჯგუფმა, რომელიც მოითხოვს, ბაქოს საშუალება მიეცეს, გააკონტროლოს ყარაბაღში მდებარე ბუნებრივი წიაღისეულის საბადოები. დემონსტრანტების თანახმად, მთიანი ყარაბაღის საბადოებში უკანონო სამუშაოები მიმდინარეობს და რომ ბუნებრივი რესურსები სომხეთში ლაჩინის დერეფნით გააქვთ.
ერევანი ამტკიცებს, რომ ლაჩინის დერეფნის გზის გადაკეტვის შემდეგ მთიანი ყარაბაღი ვეღარ იღებს სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტს, რომ რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა.


