ლატვიაში რუსეთის პროპაგანდისტული გამოცემის რედაქტორი დააკავეს
06/01/2023 07:40:29 მსოფლიო
ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი პროპაგანდისტული სააგენტოს, „სპუტნიკის“ რედაქტორი მარატ კასემი დააკავეს. ინტერნეტ-გამოცემა „დელფი“ ლატვიის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 3 იანვარს დაკავებულ კასემს ბრალად ედება ევროკავშირის სანქციების დარღვევა.
5 იანვარს რიგის სასამართლომ კასემს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
„სპუტნიკი“ შედის კრემლის მიერ კონტროლირებულ მედიაჰოლდინგში „რუსეთი დღეს“, რომლის გენერალურმა დირექტორმა, დმიტრი კისილიოვმა განაცხადა, რომ ლატვიის მოქალაქე მარატ კასემი რამდენიმე წელია მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს და რიგაში 30 დეკემბერს ჩავიდა „ოჯახური გარემოებების“ გამო. კისილიოვმა კასემის დაკავებას „პოლიტიკური დევნა“ უწოდა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა აკრძალა მის ტერიტორიაზე სააგენტო „სპუტნიკის“ და რუსეთის კიდევ ერთი პროპაგანდისტული მედიასაშუალების, ტელეკომპანია RT-ს საქმიანობა.


