Accentnews.ge
მძიმე მდგომარეობაში მყოფ ახალგორელს დე ფაქტო საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს, რის გამოც იგი ადგილზე დაიღუპა

მძიმე მდგომარეობაში მყოფ ახალგორელს დე ფაქტო საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს, რის გამოც იგი ადგილზე დაიღუპა

29/10/2019 08:08:46 კონფლიქტები, სხვა, სამართალი

ახალგორის ოკუპირებული რაიონის მცხოვრებს, რომელსაც სასწრაფო დახმარება სჭირდებოდა, დე ფაქტო საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს, რის გამოც  იგი ადგილზე დაიღუპა, – იუწყება „მთავარი არხი“.

მისივე ცნობით, მარგო მარტიაშვილი სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გადმოეყვანათ, თუმცა ოკუპანტებმა ის ცხინვალის საავადმყოფოში გადაამისამართეს. თუმცა მისთვის სასწრაფო დახმარების გაწევა დაგვიანებული აღმოჩნდა.  

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ „დაღუპული ქალბატონი საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლია“.

„მოსახლეობისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ახალგორის გადასასვლელი. სიკვდილ–სიცოცხლის საქმეა პირდაპირი გაგებით. დიახ, ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია მოსახლეობა. ეს ტრაგედია არ არის ერთადერთი სამწუხაროდ, მოსახლეობას სჭირდება გადაადგილება სასიცოცხლო საჭიროებებისთვის. ეს არის ნამდვილად მორიგი მსხვერპლი საოკუპაციო რეჟიმის. მე დღესაც მოვუწოდებ ყველას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გახსნან ახალგორის გადასასვლელი“, – აცხადებს მინისტრი. 

იქ ასევე დგას პროდუქტებით, მედიკამენტებით უზრუნველყოფის საჭიროება, ოჯახებთან კავშირის და ა.შ. ვიცი, რომ ზოგიერთს ეშინია კიდეც თუნდაც წითელ ჯვართან დაკავშირება, რომელიც ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა. მოსახლეობას აქედან მინდა ვუთხრა, რომ იმ პერიოდში, როცა ჩვენ ყოველ დღე და ყოველ წუთს ვმუშაობთ, რათა გადასასვლელი გაიხსნას და ამდენ წინააღმდეგობას ვაწყდებით, ნუ შეეშინდებათ, გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე, დაუკავშირდნენ წითელ ჯვარს, ან თუნდაც დაუკავშირდნენ ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას ტელეფონით თუ რაიმე სხვა ფორმით. აქ საქმე სიცოცხლეს და მათ ფუნდამენტურ უფლებებს ეხება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინვე, ეს შემთხვევა და ახალგორის ე.წ. გადასასვლელის საკითხი განხილვის თემა იყო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, სახელმწიფო მინისტრის მონაწილეობით, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან გამართა, რათა მათ კიდევ უფრო გაააქტიურონ თავიანთი ძალისხმევა და ზეწოლა რუსეთზე, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ მხარეზე, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღოს.

„პირადად მე, ამ შემთხვევის თაობაზე, ასევე ინფორმაცია მივაწოდე ჟენევის ყველა თანათავმჯდომარეს, ასევე წითელ ჯვარს. უკვე პოსტ ფაქტუმ, რადგან სამწუხაროდ, მანამდე ამ საჭიროების შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა აქტორი ჩართულია, რათა ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი გაიხსნას. არა მხოლოდ ახალგორის რაიონი, არამედ ცხინვალის მოსახლეობაც ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა, რადგან ახალგორიდან კავშირზე დამოკიდებული არიან არა მხოლოდ ახალგორელი ქართველები, არამედ იქ მცხოვრები ოსებიც. თითქმის ყოველ დღე ათობით ადამიანი მიკავშირდება. ყველა ეროვნების და ყველა სფეროდან - საერო თუ სასულიერო, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან. არავინ არ არის თავისუფალი ადამიანის უფლებების წინაშე პასუხისმგებლობისაგან. ეს იქნებიან ცხინვალის დე-ფაქტო წარმომადგენლები, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის. ვალდებულებები ყველას აქვს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ ახალგორის ე.წ. გადასასვლელის გახსნისკენ, რაც კრიტიკულად აუცილებელია. ეს ადამიანების სიცოცხლეს ემუქრება.

ორი თვის განმავლობაში, იმ დღიდან, როდესაც გადაადგილება შეზღუდეს და ჩაკეტეს, მე პირადად არც ერთი შეხვედრა არ მქონია, სადაც ეს საკითხი არ დგას. აქ არა მხოლოდ ერგნეთის შეხვედრებს ვგულისხმობ - ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხის მეშვეობით ერთადერთი აქცენტი კეთდება, რომ ე.წ. გადასასვლელი უპირობოდ და დაუყოვნებლივ გაიხსნას“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

ცნობისთვის: გადასასვლელების ჩაკეტვას ოსურმა მხარემ ქართული საპოლიციო საგუშაგოს წლელისში გახსნას უკავშირებს და მის დემონტაჟს მოითხოვს. მათ შორის აღნიშნულ საკითხზე გამართული რიგით მეექვსე შეხვედრა ერგნეთში უშედეგოდ დასრულდა. მხარეები მხოლოდ დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

იხილეთ ასევე: “ხალხი როგორც ოსურ, ისე ქართულ ხელისუფლებაზეა განრისხებული“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S