
სტოლტენბერგი ასახელებს სამ გაკვეთილს, რომელიც ნატო–მ უკრაინის ომიდან უნდა გამოიტანოს
05/01/2023 14:19:10 მსოფლიო
ნატო–ს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი ასახელებს სამ გაკვეთილს, რომელიც ნატო–მ უკრაინის ომიდან უნდა გამოიტანოს.
- მისი თქმით, პირველ რიგში, ნატო–მ მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს თავდაცვის გაძლიერებაში.
- როგორც მან აღნიშნა, მეორე გაკვეთილი ავტორიტარულ რეჟიმებზე დამოკიდებულებიდან უნდა გამოიტანონ:
"დავინახეთ, რამდენად საშიშია ავტორიტარულ რეჟიმებზე დამოკიდებულება.არც ისე დიდი ხნის წინ, ბევრს სჯეროდა, რომ რუსეთისგან გაზის ყიდვა წმინდა კომერციული საკითხი იყო.რეალობა ის არის, რომ ეს პოლიტიკური საკითხია. საუბარია ჩვენს უსაფრთხოებაზე. ბიზნესიც პოლიტიკაა. ეს შეცდომა სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, მათ შორის ჩინეთთან არ უნდა გავიმეოროთ. ჩვენ არ უნდა გავხდეთ დაუცველები კრიტიკულ ნედლეულზე და პროდუქტებზე ზედმეტად დამოკიდებულების გამო. ჩვენ არ უნდა გავიტანოთ ტექნოლოგია, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ კონტროლი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რაც აუცილებელია როგორც სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ასევე სამხედრო საქმიანობისთვის. აქ ვგულისხმობ, მათ შორის პორტებს, რკინიგზას, 5G ქსელებს.
ჩვენ კვლავ ვაჭრობთ ჩინეთთან. მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ისე, ჩვენი უსაფრთხოება საფრთხის წინაშე არ დადგეს. ეს არის საერთო პასუხისმგებლობა. ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა ჩამოაყალიბოს წესები და ჩარჩოები. მაგრამ კომპანიებს ასევე აქვთ დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა, გამოიჩინონ სათანადო გულმოდგინება. ჩვენ არ შეგვიძლია, საწყის წერტილად მივიღოთ ის, რომ ყველა მომგებიანი პროექტი უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მომგებიანია. მოკლევადიანი ეკონომიკური ინტერესები ვერ აჯობებს ფუნდამენტურ ეროვნულ ინტერესებს.
ხშირად ამბობენ, რომ ომი ზედმეტად სერიოზულია იმისთვის, რომ გენერლებს მივანდოთ. ანალოგიურად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნეს საქმიანობა ზედმეტად სერიოზულია იმისთვის, რომ მხოლოდ ბიზნეს ლიდერებს მივანდოთ".
- სტოლტენბერგის თქმით, მესამე გაკვეთილი ნატო–სთვის არის ის ფაქტი, რომ ავტორიტარულმა რეჟიმებმა გაზარდეს თანამშრომლობა.
"უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები პეკინში შეხვდნენ და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების თაობაზე განაცხადეს. [...] არა მხოლოდ რუსეთსა და ჩინეთს შორის მყარდება თანამშრომლობა, არამედ რუსეთი მჭიდრო კავშირებს აყალიბებს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ეს არის სხვადასხვა რეჟიმები. მაგრამ მათ აქვთ საერთო ის, რომ ისინი ხელს უწყობენ ალტერნატიულ მსოფლიო წესრიგს. ისინი მხარს უჭერენ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენს რწმენას თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ ეწინააღმდეგებიან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთად ვიყოთ.
და ეს არა იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის მართლები ვართ და შეცდომებს არასდროს ვუშვებთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვიზიარებთ იგივე ღირებულებებს. და იმიტომ, რომ ჩვენ ერთად ბევრად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე მარტო. ნატო წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკური ძალის 50 %–ს და მსოფლიო სამხედრო ძალის 50%–ს. თითქმის ნახევარი მსოფლიოა შეკრებილი, რათა უზრუნველყონ ერთმანეთისთვის მშვიდობა. ასე რომ, სანამ ჩვენ ვიზრუნებთ ნატო–ზე, მანამდე იზრუნებს ნატო ჩვენზე", – დასძინა სტოლტენბერგმა.