
ერდოღანმა მოუწოდა პუტინს, უკრაინაში ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტა გამოაცხადოს
05/01/2023 11:05:58 პოლიტიკა, მსოფლიო
"სამშვიდობო დარეგულირებისკენ მოწოდებები გამყარებული უნდა იყოს ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტით და სამართლიანი დარეგულირების ხედვით", - მედიის ცნობით, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეყრდნობა, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, "ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს ენერგეტიკის საკითხები, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა და პერსპექტივები, ასევე რეგიონული პროცესები, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომი და სირიის საკითხი".
თურქული მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ მარცვლეულის დერეფანთან, ტყვეების გაცვლასთან და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დადებითი შედეგები აქვს.
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სირიის საკითხზეც ისაუბრეს. მედიის ცნობით, ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ სირიაში ტალ-რიფაატის და მანბიჯის ქურთული სამხედრო ჯგუფებისგან გასაწმენდად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორატის ინფორმაციით, ენერგეტიკულ საკითხებზე საუბრისას, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის გაზის ცენტრალურ ქსელად გარდაქმნისთვის, თურქეთი აძლიერებს ინფრასტრუქტურას და შეძლებისდაგვარად სწრაფად გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს საგზაო რუკის დასასრულებლად.