მედია – საშობაო წირვას კიევ-პეჩორის ლავრის მთავარ საკათედრო ტაძარში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი აღავლენს
05/01/2023 10:52:57 მსოფლიო
7 იანვარს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, მიტროპოლიტი ეპიფანე საშობაო წირვას კიევ-პეჩორის ლავრის მთავარ საკათედრო ტაძარში აღავლენს, – იუწყება უკრაინული მედია.
აქამდე, ლავრაში წირვას მხოლოდ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული სასულიერო პირები ატარებდნენ.
2 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ლავრის მიძინების ტაძარი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში მონასტრად დარეგისტრირდა.
"შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ მორწმუნეებს და საზოგადოებას ვაცნობთ, რომ ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას აღავლენს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი და წმინდა არქიმანდრიტი კიევ-პეჩორის ლავრაში. კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე, 2023 წლის 7 იანვარს, კიევ-პეჩორის ლავრის მიძინების ტაძარში",– ნათქვამია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებაში.


