
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, კიევს დასავლური წარმოების ჯავშანტექნიკას გაუგზავნიან
04/01/2023 17:54:08 მსოფლიო
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, კიევს დასავლური წარმოების ჯავშანტექნიკას გაუგზავნიან. ამის შესახებ ელისეის სასახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ პარიზი კიევს AMX-10 RC-ს ტიპის ჯავშანტექნიკას მიაწვდის.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დასავლური წარმოების ჯავშანტექნიკის მიწოდება ხდება უკრაინის არმიის მხარდასაჭერად“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
რა რაოდენობის ჯავშანტექნიკაზეა საუბარი, ან როდისთვის იგეგმება აღჭურვილობის უკრაინაში გაგზავნა ჯერ–ჯერობით უცნობია.
თავის მხრივ, ზელენსკი აცხადებს, რომ მაკრონთან საუბრისას შეთანხმდნენ უკრაინის საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად შემდგომ თანამშრომლობაზე.
"ასევე შევთანხმდით მშვიდობის ფორმულის იმპლემენტაციისთვის მუშაობაზე. მადლობა, მეგობარო! შენი ლიდერობა ჩვენს გამარჯვებას აახლოებს”, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდის ინფორმაციით, ფრანგული წარმოების AMX-10 არის მაღალი მობილურობის შეიარაღებული სადაზვერვო მანქანა, რომელსაც ოთხი ადამიანი გადაჰყავს.