
რუსეთმა ატლანტის ოკეანეში ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ფრეგატი გაუშვა
04/01/2023 14:07:53 მსოფლიო
რუსეთმა ატლანტის ოკეანეში ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ფრეგატი გაუშვა. ფრეგატის, სახელწოდებით „საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალი გორშკოვი“, გაშვების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ჰიპერბგერით ფრთოსან რაკეტა „ცირკონს“ მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
„აქ და ახლა მინდა, მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, თავდაცვის ინდუსტრიის კომპლექსის სპეციალისტებს, რომლებმაც შექმნეს და დაიწყეს ამ უნიკალური იარაღის მასობრივი წარმოება. როგორც უკვე ვთქვი, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს მსგავსი. დარწმუნებული ვარ, ეს მძლავრი იარაღი საშუალებას მისცემს რუსეთს, საიმედოდ დაიცვას თავი პოტენციური გარე საფრთხეებისგან და დაგვეხმარება, ვემსახუროთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, –განაცხადა პუტინმა.
თავის მხრივ, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ფრეგატი ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებში, ასევე ხმელთაშუა ზღვაში გადაადგილდება.
"ცირკონებით" შეიარაღებულ ამ გემს შეუძლია, მტერს ზუსტი და ძლიერი დარტყმა მიაყენოს ზღვაზე და ხმელეთზე. "ცირკონი" ხმის სიჩქარეზე 9–ჯერ უფრო სწრაფია. იგი 1000 კმ-ზე მეტ მანძილს ფარავს. „ცირკონს“ ნებისმიერი საჰაერო თავდაცვის სისტემის გადალახვა შეუძლია", – ირწმუნება შოიგუ.