
რომის პაპი – ილია მეორეს: "მაშინ, როდესაც თქვენს მსახურებას თან სდევდა მრავალგვარი გამოწვევა, ეკლესია, რომელიც მინდობილი იყო თქვენს მზრუნველობაზე, სულიერად ყოველთვის იზრდებოდა"
04/01/2023 10:57:46 საზოგადოება
რომის პაპი ფრანცისკე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
„მის უწმინდესობას და უნეტარესობას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცხეთა-მთიანეთის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II-ს
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად აღსაყდრების ორმოცდამეხუთე წლისთავთან დაკავშირებით და ოთხმოცდამეათე დაბადების დღის აღსანიშნავად, გულწრფელ სურვილებს ვუგზავნი თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას და ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა გიწყალობოთ ჯამრთელობა და სულიერ ნიჭთა სიუხვე თქვენი მრავალწლიანი მწყემსური მსახურების გზაზე.
მაშინ, როდესაც თქვენს მრავალწლიან უფლის მსახურებას თან სდევდა მრავალგვარი გამოწვევა და თქვენი ქვეყნის მნიშვნელოვნად გარდასახვა, ეკლესია, რომელიც მინდობილი იყო თქვენს მზრუნველობაზე, ყოველთვის სულიერად იზრდებოდა და ყვავდებოდა. ეს მახსენებს მოციქულის სიტყვებს: „მწამს, რომ თქვენს შორის კეთილი საქმის დამწყები კიდევაც აღასრულებს მას იესო ქრისტეს დღემდე.“ [ფილიპე 1:6). მაშასადამე, ვლოცულობ, რომ ჩვენმა ზეციერმა მამამ მოგმადლოთ ძალა, რათა განაგრძოთ ქრისტეს სახის ძიება, ვინაიდან თქვენ მოწმობთ მის სამყაროსადმი სიყვარულს და იბრძვით სამწყსოს და მთელი ქართველი ხალხის სასიკეთოდ.
გთხოვთ იცოდეთ, რომ მე განსაკუთრებით ვაფასებ თქვენს მრავალფეროვან მუსიკალურ კომპოზიციებს, რომლებსაც ხშირად ვუსმენ, როგორც ლოცვისთვის მომზადების ღირებულ საშუალებას. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია!
ძვირფასო ძმაო, ვლოცულობ, რომ ღვთისმშობელმა დაგიფაროთ თავისი კალთის ქვეშ, გეხვევით და გისურვებთ მშვიდობას, ასევე ვთხოვ თქვენს უწმიდესობასა და უნეტარესობას, რომ მომიხსენიოთ თქვენს ლოცვებშიც“,- ნათქვამია პაპი ფრანცისკეს მისალოც წერილში.
ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. ის 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
25 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ინტრონიზაციიდან 45-ე წლისთავი აღინიშნა.