მედია – უკრაინა რუსეთის იაფი დრონების წინააღმდეგ ძვირადღირებულ რაკეტებს იყენებს
04/01/2023 10:01:16 მსოფლიო
უკრაინა რუსეთის იაფი დრონების წინააღმდეგ ძვირადღირებულ რაკეტებს იყენებს, – იუწყება The New York Times.
უკრაინის საკონსულტაციო კომპანია „მოლფარის“ ხელმძღვანელი არტიომ სტაროსიკი მიიჩნევს, რომ რაკეტები, რომლებიც ანადგურებს ირანულ "დრონებს", შვიდჯერ უფრო ძვირია, ვიდრე თავად დრონები.
ერთი „შაჰედი“ შეიძლება 20 ათასი დოლარი ღირდეს. მაშინ, როცა „მიწა-ჰაერი“ კლასის რაკეტის გაშვება შეიძლება დაჯდეს 140 ათასამდე დოლარი საბჭოთა წარმოების S-300-ისა და ნახევარ მილიონამდე დოლარი ამერიკული NASAMS-ის შემთხვევაში.
„მოლფარის“ მონაცემებით, სექტემბერში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 600-მდე "დრონი" გამოიყენა. "სამხედრო საიდუმლოების გამო უკრაინის სამხედროები განსაკუთრებით ბევრს არ საუბრობენ მათი საჰაერო თავდაცვის დეტალებზე და მის ღირებულებაზე", აღნიშნავს გამოცემა.


