
კირილის მილოცვა – რუსეთის პატრიარქმა ილია მეორე სრული ტიტულით კვლავ არ მოიხსენია
04/01/2023 09:19:14 საზოგადოება
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
რუსეთის პატრიარქმა ილია მეორე სრული ტიტულით არც ამჯერად მოიხსენია
„მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს - 90 წლის იუბილეს.
თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის ცხოვრების გზა განუყოფლად დაკავშირებულია ქრისტესთან, რომელიც სიყრმიდანვე შეიყვარეთ. ეკლესიის დევნის მკაცრ დროს თქვენ აირჩიეთ ღვთის მსახურების ეკლიანი გზა.
სასულიერო განათლების წმინდა სერგის დიდ კელიაში მიღების შემდეგ თქვენ შეუდექით გულმოდგინე შრომას იბერიის ეკლესიის სასარგებლოდ, რითაც გაამრავლეთ ღვთით ბოძებული ნიჭი. დაინახეს რა თქვენი ღვთისმოსაობა მეუფეებმა, აგირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქად“,- ნათქვამია რუსეთის პატრიარქი მისალოც წერილში.
აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი ილია მეორე მრავალი წლის განმავლობაში ბრძნულად მართავს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და თავის მდიდარ გამოცდილებას უხვად უზიარებს ყველას, ვინც პატრიარქთან მიდის, რაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ძვირფასი მონაპოვარია.
„მხურვალე ლოცვით ამ დღეს თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობისთვის, გისურვებთ ღვთის დიდებულ წყალობას, მშვიდობას, სიხარულს და ძლიერებას მრავალი წლის განმავლობაში“, - ნათქვამია რუსეთის პატრიარქის წერილში.
ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. ის 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
25 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ინტრონიზაციიდან 45-ე წლისთავი აღინიშნა.