"ნაბიჯი თურქეთში გაზის ჰაბის ფორმირებისკენ" - თურქეთი ბულგარეთს წელიწადში დაახლოებით 1,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის
04/01/2023 09:02:30 მსოფლიო
თურქეთმა და ბულგარეთმა მიაღწიეს შეთანხმებას წელიწადში დაახლოებით 1,5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე.
შესაბამისი შეთანხმება სამშაბათს სოფიაში მოეწერა ხელი.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს თურქული სახელმწიფო კომპანიის BOTAŞ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბურჰან ოზჯანმა და Bulgargaz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენიცა ზლატევამ.
ხელშეკრულების ვადა 13 წელია.
დონმეზის თქმით, შეთანხმების ფარგლებში, თურქეთში მდებარე ხუთი LNG ტერმინალი, მათ შორის საროსის მცურავი რეგაზიფიკაციის ბლოკი, ბულგარეთის საჭიროებებისთვის იქნება გამოყენებული.
მან გაიხსენა, რომ თურქეთი ამჟამად გაზს 15 ქვეყნიდან ყიდულობს, როგორც მილსადენებით, ასევე LNG-ით.
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ "ანკარას ნაბიჯები ხელს უწყობს არა მხოლოდ ბულგარეთის, არამედ მთლიანად ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას".
"თურქეთ-ბულგარეთის შეთანხმებას აღვიქვამთ, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს თურქეთში გაზის ჰაბის ფორმირებისკენ", - განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა.
ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როზენ ჰრისტოვმა თურქეთთან გაზის შეთანხმებას "ისტორიული დოკუმენტი" უწოდა.


