
სუნაკი – ზელენსკის: "ბრძოლის ველზე უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად დამატებითი აღჭურვილობის მიწოდებაზე მუშაობა მიმდინარეობს"
03/01/2023 15:49:51 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ რიში სუნაკს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც ბრიტანული მხარე იუწყება, სუნაკმა ზელენსკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.
"პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია, გაერთიანებული სამეფოს იმედი ჰქონდეს, რომ გააგრძელებს მის მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში, აღნიშნულის მაგალითია, ცოტა ხნის წინ კიევისთვის 1000-ზე მეტი საზენიტო რაკეტის მიწოდება. პრემიერის თქმით, "ბრძოლის ველზე უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად უახლოეს კვირებსა და თვეებში შემდგომი აღჭურვილობის მიწოდებაზე მუშაობა მიმდინარეობს", – აცხადებს სუნაკის ოფისი.
თავის მხრივ, სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმაც.
"გაერთიანებული სამეფოს პრემიერ–მინისტრ რიში სუნაკთან ერთად განვიხილე თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის საკითხები. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა გამარჯვების მისაღწევად უკვე წელს. ამისთვის უკვე გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტილებები", – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.