2023 წლის ბოლოდან ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის წესები იცვლება
03/01/2023 14:02:33 მსოფლიო
2023 წლის ბოლოდან ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის წესები იცვლება. კერძოდ, ევროპის ქვეყნებში გამგზავრების მსურველებს ნებართვის მიღება და 7 ევროს გადახდა მოუწევთ.
სიახლე სავარაუდოდ, ნოემბრიდან ამოქმედდება და ის შეეხება 60-ზე მეტი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ ჩადიოდნენ.
როგორც ევროკომისიის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა აღნიშნული, „სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის ევროპულ სისტემაში“ (ETIAS) რეგისტრაციისთვის აუცილებელი იქნება სპეციალური ელექტრონული ფორმის შევსება და განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროპაში მოგზაურობის ნებართვა სამი წლის ვადით გაიცემა. სამოგზაურო განაცხადის ხელახლა შევსება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ მოქალაქე ნებართვის მოქმედების პერიოდში რაიმე მიზეზით პასპორტს შეცვლის.
შენგენის ზონაში შესასვლელად 7 ევროს ოდენობის გადასახადის დაფარვა აუცილებელი იქნება 18-დან 70 წლამდე ადამიანებისთვის, ხოლო 18 წლამდე და 70 წელს ზემოთ პირებს გადასახდი არ შეეხებათ.
ელექტრონულ ანკეტაში, რომელიც ევროპაში გამზავრებამდე უნდა შეივსოს, მოქალაქეები მიუთითებენ პირად მონაცემებს, მათ შორის, დაბადების ადგილს, დაბადების თარიღს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, განათლებას და სამუშაო ადგილს. მსურველებს ასევე მოუწევთ, დაასახელონ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელსაც პირველს მოინახულებენ. განაცხადის ფორმაში ასევე იქნება ველი, სადაც აუცილებელი იქნება კითხვების გაცემა ჯანმრთელობაზე, ნასამართლეობაზე და ა.შ.
ETIAS-ისთვის განაცხადის პროცესი მოიცავს ოთხ მარტივ ნაბიჯს:
- ავსებთ ETIAS-ის ონლაინ განაცხადის ფორმას.
- იხდით ETIAS-ის საფასურს.
- ETIAS-ის აპლიკაცია იგზავნება უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სხვადასხვა ბაზებში გადასამოწმებლად.
- იღებთ თქვენს ETIAS-ს.
ევროპაში მოგზაურობისთვის საჭირო ნებართვის მიღების შემდეგ მისი ამობეჭდვა სავალდებულო არ იქნება.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ, ახალი სისტემის ამოქმედებით, ევროპაში მოგზაურობა უფრო უსაფრთხო გახდება.


