ევროკავშირი ჩინეთს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს უფასოდ სთავაზობს
03/01/2023 10:04:30 მსოფლიო
ევროკავშირი ჩინეთს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს უფასოდ სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული ინიციატივა ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარის, სტელა კირიკიდისის ძალისხმევის ნაწილია, რომლიც „კოვიდ-19“-ის შესაძლო ახალ ტალღასთან საბრძოლველადაა მიმართული.
პეკინს ჯერ ევროკავშირის ამ შეთავაზებაზე პასუხი არ გაუცია.
ამ ეტაპზე ჩინეთში მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ვაქცინებს იყენებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 21 დეკემბერს განაცხადა, რომ ჩინეთში ვაქცინირებულთა რაოდენობა არ არის საკმარისი. მისი მონაცემებით, 80 წელს გადაცილებული ჩინელების მხოლოდ 40% არის სრულად ვაქცინირებული ჩინური ვაქცინით, რაც აცრის სამჯერ გაკეთებას გულისხმობს.
საფრანგეთმა და ესპანეთმა უკვე განაცხადეს, რომ აპირებენ დამატებითი კონტროლის შემოღებას ჩინეთიდან ამ ქვეყნებში ჩასული მოგზაურებისთვის, რადგანაც პარიზი და მადრიდი ევროპაში „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტების გავრცელების საშიშროებას ხედავენ. შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ გერმანიაშიც.
2022 წლის დეკემბერში პეკინმა პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა გააუქმა, რის შემდეგაც ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა.


