რუსი მოჭადრაკე სპორტულ მოქალაქეობას იცვლის და შვეიცარიის სახელით გამოვა
03/01/2023 10:02:37 მსოფლიო
რუსი მოჭადრაკე, დიდოსტატი ალექსანდრა კოსტენიუკი 2024 წლის იანვრიდან შვეიცარიის სახელით იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაცია შვეიცარიის საჭადრაკო ფედერაციამ (FSE) გაავრცელა.
კოსტენიუკი შვეიცარიის ქალთა საჭადრაკო ნაკრების წევრი გახდება. "ამავე დროს, მას შეუძლია კაცების გუნდთან ერთად გამოვიდეს შეჯიბრებზე, თუ აუცილებელი გახდა",– აცხადებს FSE.
უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ ის მაღალი რანგის (როგორც ქალებს, ასევე კაცებს შორის) პირველი სპორტსმენია, რომელმაც სპორტული მოქალაქეობა შეიცვალა.
"კოსტენიუკი ამჟამად ქალი მოჭადრაკეების საერთაშორისო რეიტინგში მეცხრე ადგილზეა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მან ზურგი შეაქცია მშობლიურ ქვეყანას და გამოდის საერთაშორისო საჭრაკო ფედერაციის - ფიდეს, სახელით", – აცხადებს FSE.
2022 წლის მარტში მან მოაწერა ხელი ღია წერილს, რომელშიც დაგმობილი იყო რუსეთის შეჭრა უკრაინაში.
კოსტენიუკმა შვეიცარიის მოქალაქეობა მიიღო დაქორწინების შედეგად. ფიდე რუს და უკრაინელ სპორტსმენებს უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით აძლევს ასპარეზობებში მონაწილეობის უფლებას. მათ ფიდეს სახელით თამაში შეუძლიათ 2024 წლის 1 იანვრამდე.


