უკრაინის გენშტაბი – რუსეთის შეტევა მოგერიებულია 13 დასახლებულ პუნქტთან
03/01/2023 07:00:36 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 52 საავიაციო და 6 სარაკეტო დარტყმა და 77 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
გენშტაბის ცნობით, ყველა სარაკეტო და საავიაციო დარტყმა მიმართული იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 27 უპილოტო საფრენი აპარატიც, რომლებიც თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
ბოლო 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 9 და ლუგანსკის ოლქის 4 დასახლებულ პუნქტთან. სარდლობის თანახმად, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 13 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 5 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე. ჩამოაგდეს ვერტმფრენი Ка-52.
გენშტაბის ცნობით, დადასტურებულია, რომ მოწინააღმდეგის პოზიციებზე 31 დეკემბერს განხორციელებული შეტევის შედეგად, ხერსონის ოლქის დასახლებულ პუნქტ ჩულაკოვკასთან მოკლული და დაჭრილია 500-მდე რუსი სამხედრო.


