
ხანძარი და დაშავებული არასრულწლოვანები - პიროტექნიკის შედეგები
02/01/2023 14:58:37 საზოგადოება
ახალი წლის ღამეს საქართველოში პიროტექნიკის გამოყენებამ როგორც ადამიანები, ისე შენობები დააზიანა.
"ფეისბუქ–გვერდის" "ჩემი ქალაქი მკლავს" ინფორმაციით, პიროტექნიკის გამო თბილისში მდებარე ერთ–ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარი გაჩნდა.
პიროტექნიკით დაზარალებულები თბილისის ცენტრალურ კლინიკებში წელსაც მოხვდნენ. მათ ძირითადი დაზიანებები კიდურებზე აქვთ.
"მნიშვნელოვანია სწორად გამოყენება ამ ყველაფრის და ბავშვების მორიდება. ახალ წელს პიროტექნიკით დაზიანებული 7 ადამიანი გვყავდა, აქედან ერთმა თითიც კი დაკარგა, დანარჩენს მტევნის მძიმე დაზიანება ჰქონდა", - განაცხადა ქირუქგმა მირიან ბოცვაძემ.
რუსთავში პიროტექნიკით 8 ადამიანი დაშავდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საახალწლო ასაფეთქებლების გამოყენების დროს "კლინიკა რუსთავში" 8 დაშავებული შეიყვანეს, მათ შორის - ორსული ქალი და 13 წლის ბავშვი.
5 პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, მათ ჩაუტარდათ ოპერაცია და ამჯერად მათი მდგომარეობა სტაბილურია.
სტაბილურია პიროტექნიკის სროლის დროს დაშავებული ორსული ქალის მდგომარეობაც. შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობა გაეწია 13 წლის მოზარდსაც, მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.
პიროტექნიკის გამოყენების დროს დაშავებულ მამაკაცთა ასაკი 30-დან 55 წლამდეა.
ექიმები და სპეციალისტები მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებენ, მკაცრად დაიცვან ინსტრუქცია და მოარიდონ პიროტექნიკა ბავშვებს.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის განცხადებით, ქვეყანაში 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში, სასწრაფო სამედიცინო დახმარება პიროტექნიკით დაშავებულმა 37-მა მოქალაქემ ითხოვა, მათგან 22-ის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.