მედია – დონეცკის გარეუბანში რუსულ ყაზარმაზე HIMARS-ით შეტევას ასობით მობილიზებული ემსხვერპლა
02/01/2023 05:34:28 მსოფლიო
დონეცკის გარეუბან მაკეევკაში მდებარე რუსულ ყაზარმაზე უკრაინის არმიის მიერ განხორციელებულ შეტევას ასობით მობილიზებული ემსხვერპლა, – იუწყება რუსული მედია.
რუსული წყაროები იტყობინებიან, რომ ობიექტზე დარტყმა ახალი წლის ღამეს HIMARS-ის სისტემის მაღალი სიზუსტის რაკეტით მოხდა.
ომის მხარდამჭერი რუსული არხი „ცარგრადი“ იუწყება, რომ დაღუპულთა რაოდენობას „ასეულობით“ აფასებენ. პრორუსული არხი „ოპერატივნიე სვოდკი“ 500 დაღუპულზე ავრცელებს ინფორმაციას. რუსი სამხედრო ბლოგერი ბორის როჟინი, რომელიც ომს აშუქებს, "ტელეგრამში" წერს, რომ 1 იანვარს საღამოს ჯერ კიდევ წმენდენ ნანგრევებს.
უკრაინის არმიის სტრატეგიული კომუნიკაციის სამმართველო ტელეგრამ–არხზე წერს, რომ ლიკვიდირებულია 400 ადამიანი და 300 დაიჭრილია. უკრაინის გენშტაბის 1 იანვრის ცნობებში მაკეევკის ინციდენტის შესახებ ცნობები არ გამოქვეყნებულა.
რუსეთის არმია არ ასაჯაროებს უკრაინაში მიმდინარე ომში საკუთარ დანაკარგებს. პენტაგონმა ნოემბერში განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა დაახლოებით 100-100 ათასია თითოეულ მხარეს.
რუსეთში სექტემბერში გამოცხადდა მობილიზაცია. დაგეგმილი იყო 300 ათასი ადამიანის გაგზავნა ჯარში. მობილიზებულებს არაერთხელ დაუჩივლიათ არასათანადო მომზადებისა და აღჭურვის, ასევე ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობის თაობაზე.


