მედია – ყირიმში შეიარაღებულმა „კადიროველებმა" ჩხუბი გამართეს
30/12/2022 12:57:41 მსოფლიო
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში შეიარაღებულმა „კადიროველებმა" ჩხუბი გამართეს, – იუწყება „კავკაზ.რეალიი“.
მისი ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმ „ახმატის“ მეთაურის მოადგილემ, პოლიციის პოლკოვნიკმა ჰასან იბრაგიმოვმა და მისმა ოთხმა ხელქვეითმა აყალმაყალი ატეხეს ქალაქ სიმფეროპოლში მდებარე კლუბ „მონროში“. სავარაუდოდ, ერთ-ერთი კადიროველი ავიწროებდა კლუბში მყოფ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც მისი მეგობარი გამოესარჩლა და ამის გამო ფორმიანმა სპეცრაზმელებმა იგი ქუჩაში გამოათრიეს და სცემეს. როგორც ტელეგრამ–არხი Baza იუწყება, კლუბის დაცვის წევრები „კადიროველთა“ ჩხუბში არ ჩარეულან, ხოლო პოლიციელს, რომელიც შეეცადა მოჩხუბართა დაშოშმინებას, „კადიროველებმა“ ასევე მიაყენებს ფიზიკური შეურაცხყოფა. ინციდენტის შემდეგ პოლიციამ დააკავა იბრაგიმოვი და მისი ოთხი ქვეშევრდომი.
მომხდარი კონფლიქტი გროზნოში დაადასტურეს, მაგრამ ჩეჩნეთის ინფორმაციის მინისტრმა აჰმედ დუდაევმა მას უწოდა "შიდა ინციდენტი", რომელიც ადგილზე მოგვარდა. იგი ირწმუნება, რომ ჩხუბის დროს არავინ დაშავებულა. დუდაევმა ასევე უარყო იბრაგიმოვის დაკავება. მოგვიანებით ანალოგიური განცხადება თავად იბრაგიმოვმა ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელეარხ "გროზნოს" ეთერით გააკეთა.
ანექსირებული ყირიმის პოლიციას ზემოხსენებული ჩხუბის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.


