Bloomberg – ომის დაწყების შემდეგ უმდიდრესმა რუსებმა 93 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს
30/12/2022 12:04:44 მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უმდიდრესმა რუსებმა 93 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს, – იუწყება Bloomberg.
მისი ცნობით, აღნიშნული თანხიდან 46,6 მილიარდი დოლარი უმდიდრესმა რუსებმა უშუალოდ 24 თებერვალს, ომის დაწყების დღესვე დაკარგეს. დასავლეთის სანქციების შემოღებიდან რამდენიმე თვეში კი მათ დანაკარგს კიდევ 47 მილიარდი დოლარი დოლარი დაემატა.
ეს მონაცემები მოცემულია პლანეტის 500 უმდიდრესი ადამიანის Bloomberg Billionaires Index-ის რეიტინგში, რომელშიც აქტივების ღირებულების მიხედვით შედის 25 რუსი ბიზნესმენი. უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა ყველაზე დიდი ზარალი (თითოეულს რვა მილიარდ დოლარზე მეტი) კომპანია „ნოვატეკის“ თანამფლობელებს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენებს გენადი ტიმჩენკოსა და ლეონიდ მიხელსონს მიაყენა.
პროცენტული თვალსაზრისით, დანაკარგების მხრივ ლიდერი აღმოჩნდა ვიქტორ ვეკსელბერგი, კომპანიების ჯგუფის Renova-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; მისი ქონება 60% - ზე მეტით შემცირდა და ახლა 11,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. წლის დასაწყისიდან რომან აბრამოვიჩმა ასევე დაკარგა ქონების თითქმის ნახევარი- 18 მილიარდი დოლარიდან აბრამოვიჩის ქონება 9,7 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
როგორც Bloomberg აღნიშნავს, მილიარდერების აქტივების კლება გლობალური ტენდენციაა, რომელიც ინფლაციის ზრდით, ცენტრალური ბანკების პოლიტიკის გამკაცრებით, ასევე უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით არის გამოწვეული. მიმდინარე წლის განმავლობაში პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიიდან მხოლოდ პირველმა 500-მა ბიზნესმენმა თითქმის ერთი ტრილიონი 400 მილიარდი დოლარი დაკარგა.


