გარდაიცვალა დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი
30/12/2022 08:48:34 მსოფლიო
ლონდონში 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი დიზაინერი, „პანკის დედოფლად“ წოდებული ვივიენ ვესტვუდი. მისი მოდის სახლი იუწყება, რომ ვივიენ ვესტვუდი 29 დეკემბერს, მშვიდად გარდაიცვალა საკუთარი ოჯახის გარემოცვაში.
ვივიენ ვესტვუდმა, როგორც პანკ-ესთეტიკის ერთ-ერთმა შემქმნელმა, სახელი გაითქვა 1970-იანი წლებიდან. 1971 წელს, პანკ ჯგუფ Sex Pistols-ის მენეჯერ მალკოლმ მაკლარენთან ერთად ლონდონში გახსნა ტანსაცმლის პირველი მაღაზია Let It Rock, 10 წლის შემდეგ კი შექმნა ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი Vivienne Westwood.
ბოლო წლებში, ვივიენ ვესტვუდი ეწეოდა პოლიტიკურ აქტივიზმსაც, მონაწილეობდა გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგო დემონსტრაციებში და დაპატიმრების შემდეგ, მხარს უჭერდა WikiLeaks-ის დამაარსებელ ჯულიან ასანჟს. 2006 წელს, დედოფალმა ელისაბედ მეორემ ვივიენ ვესტვუდს მიანიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ქალი კომანდორის ტიტული.


