უკრაინა – 16–ვე ირანული "დრონი", რომელიც რუსეთმა წუხელ უკრაინული ქალაქების მიმართულებით გამოუშვა, განადგურებულია
30/12/2022 08:11:48 მსოფლიო
უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, წუხელ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან 16 ირანული უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. სარდლობის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 16-ვე „კამიკაძე-დრონი“ გაანადგურეს.
კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს თქმით, წუხელ დედაქალაქზე დარტყმის მიზნით რუსეთმა გამოიყენა 7 უპილოტო საფრენი აპარატი, საიდანაც საჰაერო თავდაცვის ძალებმა 2 გაანადგურეს კიევის მახლობლად და 5 კიევის თავზე.
რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ოლქებზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს 29 დეკემბერს ღამითაც, დილით კი, მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს დედაქალაქ კიევის და კიევის, ხარკოვის, ოდესის, ლვოვის, სუმის და ივანო-ფრანკოვსკის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, გენერალ ზალუჟნის განცხადებით, 29 დეკემბერს რუსეთმა გამოიყენა საჰაერო და საზღვაო ბაზირების და მართვადი საზენიტო რაკეტები. ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 69 ფრთოსანი რაკეტიდან 54 გაანადგურეს.


