Accentnews.ge
"ჩემი მოწამლვა პუტინის ინტერესებშია, რომელიც, როგორც გაირკვა, საქართველოს ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს"

"ჩემი მოწამლვა პუტინის ინტერესებშია, რომელიც, როგორც გაირკვა, საქართველოს ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს"

30/12/2022 08:04:00 პოლიტიკა

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი "მძიმე მეტალებით მოწამლვა" რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ინტერესებშია, "რომელიც, როგორც 24 თებერვლის შემდეგ გაირკვა, საქართველოს ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს". ამის შესახებ მან გამოცემა "Украинская правда"-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩემი მოწამლვა უტყუარადაა დადასტურებული ორი ამერიკული ლაბორატორიისა და წამყვანი ამერიკელი ტოქსიკოლოგის - დევიდ სმიტის მიერ. მოწამლვა განხორციელდა "ციხის საავადმყოფოში" გადაყვანისას, სადაც მოულოდნელად ძალიან ცუდად გავხდი და როგორც მოგვიანებით რეანიმატოლოგმა თქვა, სასწაულია, ცოცხალი რომ დავრჩი. თუმცა მოწამლვამ ძალზე მძიმე სიმპტომები დამიტოვა. თუ დაკავებისას დაახლოებით 120 კგ-ს ვიწონიდი, სადღეისოდ 72 კგ ვარ", – განაცხადა სააკაშვილმა.

ექს-პრეზიდენტი მისი გათავისუფლების საკითხში დასავლელი პოლიტიკოსების გააქტიურებასაც აღნიშნავს.

"ევროპარლამენტმა ჩემი მოწამლვის საკითხზე რეზოლუცია მიიღო, ევროკომისიაც ძალზე აქტიურია. პოლონეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი რიგ-რიგობით ჩამოვიდნენ საქართველოში ჩემი გათავისუფლებისთვის. მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ რამდენიმე განცხადება გააკეთა. იყო ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და ეს მხოლოდ დასაწყისია. მაგრამ პირადად ჩემთვის მთავარი მაინც პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება იყო: უპირველესად - იმიტომ, რომ მისი სიტყვა მეტი ღირს, ვიდრე არაერთი მსოფლიო პოლიტიკოსისა. ქართველები მას უბრალოდ აღმერთებენ; მეორეც - ეს იყო ჰუმანიზმის უმაღლესი აქტი უკრაინისთვის ამ უმძიმეს დროს", – განაცხადა სააკაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "პუტინის პირადი პატიმარია" და ქართულ ციხეში "ხშირად იმაზე ცუდად ექცევიან, ვიდრე, მაგალითად, ლეფორტოვოში მოექცეოდნენ".

"ამასთან, საქართველოში ადამიანების უმრავლესობა ჩემს მიმართ ძალიან დადებითადაა განწყობილი. ამას ვგრძნობ ჩემი მშობლების, შვილებისა და მეგობრების მონაყოლიდან. ხოლო უსაფრთხოებას არ ვეძებ. უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე ვიქნებოდი და თანაც ძალიან ბედნიერი", – განაცხადა სააკაშვილმა.

ექს-პრეზიდენტმა უკრაინის ომთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზეც გააკეთა კომენტარი:

"ეს არაა ნეიტრალური პოზიცია. ასეთ ომში ნეიტრალურობა შეუძლებელია. ახლახანს გაჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ამ ომის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი სერგეი კირიენკო აპირებს ჩამოსვლას (თუ უკვე არ ჩამოვიდა)". რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას აპირებს. რუსეთის ოფიციალური პირები და პროპაგანდისტები მუდმივად აქებენ საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ ციხეში ვყავარ გამომწყვდეული. საქართველო ოფიციალურად ამორიცხეს რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების სიიდან, რომელშიც ლამის ნახევარი მსოფლიოა. საქართველოს ხელისუფლებას არც ერთხელ არ უთქვამს უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის დამგმობი სიტყვა, სამაგიეროდ მუდმივად დამცინავი ტონით საუბრობს უკრაინასა და მის ხელმძღვანელობაზე. საქართველოს ხელისუფლება ადანაშაულებს არა მარტო ზელენსკის, რომელმაც თურმე, საქართველოში სპეცოპერაციითა და ომის გაჩაღების დავალებით გამომიშვა, არამედ ბოლო დროს აშშ-საც, რაც ნათლად აჩვენებს მათ ვექტორს", – დასძინა სააკაშვილმა.

ჟურნალისტებმა კითხვები სააკაშვილის ახლო მეგობარს გადასცეს. გამოცემა აქვეყნებს პასუხებს, რომელიც ნაწილობრივ - სააკაშვილის, ნაწილობრივ კი მისი მეგობრის ხელითაა დაწერილი, "რადგან სააკაშვილს წერაც კი უჭირს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S