
იგეგმება თუ არა საქართველოს და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა – შვეიცარიის ელჩის კომენტარი
28/10/2019 12:03:59 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში შვეიცარიის ელჩის პატრიკ ფრანცენის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრის თაობაზე თხოვნა შვეიცარიულ მხარეს არ მიუღია და გააქტიურებას მხოლოდ ორმხრივი სურვილის შემთხვევაში გეგმავს.
„ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ და მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაქტიურდებით, თუ დარწმუნებული ვიქნებით, რომ ამის ინტერესი ორივე მხარეს ექნება. ჯერჯერობით ამის თაობაზე მოთხოვნა არ მიგვიღია“, -განუცხადა დიპლომატმა ჟურნალისტებს.
რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, დიპლომატი ირწმუნება, რომ შეხვედრამ გარკვეულწილად ხელი შეუწყო დაძაბულობის შემცირებას ორ ქვეყანას შორის.
„რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ რთულ დროს, მხარეები მიმართავენ დიპლომატიასა და დიალოგს. დიალოგი აუცილებლად შეთანხმებას არ ნიშნავს, თუმცა, როდესაც გაქვს ძალიან რთული პრობლემები, დიალოგი აუცილებელია. ჩემი აზრით, შეხვედრა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ხელი შეუწყო გარკვეული დაძაბულობების შემცირებას“,- განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.