WSJ – დეკემბერში რუსული ნავთობის ექსპორტი 22%-ით შემცირდა
29/12/2022 11:17:09 მსოფლიო
რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტი დეკემბერში 22%-ით შემცირდა 2022 წლის 11 თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, – იუწყება The Wall Street Journal ანალიტიკურ კომპანია Kple-ს მონაცემებზე დაყრდნობით.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ზღვრული ფასის შემოღების ფონზე, დეკემბერში ნავთობის ექსპორტი საშუალოდ დღეში ორნახევარი მილიონი ბარელი იყო. კვლევის თანახმად, სანქციებმა გავლენა ვერ მოახდინა რუსული ნავთობის მყიდველთა მცირე ჯგუფზე, რომელშიც შედიან ინდოეთი, ჩინეთი, თურქეთი და ბულგარეთი. გარდა ამისა, ნავთობის მარაგის შემცირებაზე შეიძლება გავლენა იქონიოს ზამთრის ამინდმა და ჩინეთიდან მოთხოვნის შემცირებამ.
წელს საზღვარგარეთ რუსული გაზის მარაგიც შარშანდელთან შედარებით 46% - ით შემცირდა.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ, ევროპისა და მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ გამოაცხადა, რომ აპირებენ რაც შეიძლება მალე შეამცირონ დამოკიდებულება რუსულ ენერგომატარებლებზე და თუ ეს შესაძლებელია, მთლიანად უარი თქვან მასზე.
5 დეკემბერს ძალაში შევიდა ემბარგო ევროკავშირის ქვეყნებში საზღვაო გზით რუსული ნავთობის მიწოდებაზე. დაწესდა ასევე, რომ რუსეთიდან ამავე საშუალებით გატანილი ნავთობის ერთ ბარელზე მაქსიმალური ფასი 60 დოლარი შეიძლება იყოს. ამის შესახებ შეთანხმდნენ ევროკავშირი, „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნები და ავსტრალია.
პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 27 დეკემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, 2023 წლის 1 თებერვლიდან იკრძალება რუსეთის ნავთობის მიწოდება უცხოური კომპანიებისთვის და მოქალაქეებისთვის, თუ კონტრაქტი ითვალისწინებს ფიქსირებულ მაქსიმალურ ფასს.


