"ახალ წელს ვერავინ წაგვართმევს“: სამზადისი უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილში

29-12-2022 14:25:41 რეპორტაჟი

დონეცკის ოლქში, ბახმუტში, რომელიც ამჟამად უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება ოკუპანტების გამუდმებული თავდასხმების გამო, საახალწლო დღესასწაულს ელის მოხალისეთა ორი ცენტრი. ერთში ნაძვის ხეც კი დადგეს და ქალაქში დარჩენილი ყველა მაცხოვრებელი მიიწვიეს მის მოსართავად. მოხალისეები ამბობენ, რომ დღესასწაულს ვერავინ წაართმევს ხალხს და ადამიანებს, განსაკუთრებით, ბავშვებს, ექნებათ რაღაც პოზიტიური გასახსენებლად საშინელ 2022 წელიდან.

ბახმუტში ბოლო თვეების განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, ქალაქს ბომბავენ ოკუპანტები. რუსმა სამხედროები რამდენჯერმე შეიჭრნენ ქალაქის გარეუბანში, საიდანაც ისინი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განდევნეს. არც წინასაახალწლო პერიოდში წყდება დაბომბვა. როგორც „ნასტაიაშეე ვრემიას“ ჟურნალისტები იუწყებიან, სიუჟეტის გადაღებისას მათ ნაღმტყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი. ქალაქი პრაქტიკულად ცარიელია. მოქალაქეთა ის მცირე ნაწილი, რომლებიც ბახმუტს საფრთხის მიუხედავად არ ტოვებენ, სარდაფებში დარჩენას ამჯობინებენ, სადაც თავშესაფრები აქვთ მოწყობილი.

დანგრეული შენობები, ცარიელი ქუჩები, აფეთქებების ხმები – ამ შემზარავ გარემოში ნათელი წერტილია მოხალისეების მიერ გამართული პუნქტი, სადაც სითბო, სინათლე და ინტერნეტია და საიდანაც ბახმუტში ჰუმანიტარული დახმარება ნაწილდება. მიხაილ პურიშევს საზეიმოდ მიაქვს დიდი, ორმეტრიანი ნაძვის ხე ერთ-ერთ ცენტრში. ოდესღაც ის მარიუპოლში დიდი კლუბის და ივანო-ფრანკოვსკში IT კომპანიის მფლობელი იყო, ახლა კი კოორდინაციას უწევს "უძლეველობის პუნქტის" ფრონტის წინა ხაზზე მუშაობას.

„ჭურვის ფრაგმენტებმა დააზიანა და ჩვენ წამოვიღეთ. ნაძვის ხე ხომ არ უნდა გაქრეს?!“, – იღიმება მიხეილი, – „გვესმის, რომ მალე ახალი წელი მოვა და ამ ყველაფერთან ერთად, ომის და მოხალისეობის გამო მის შესახებ დავივიწყეთ. და გაგვიჩნდა იდეა, მოგვერთო ნაძვის ხე“.

მოხალისეებმა ადგილობრივი მოსახლეობა მიიწვიეს, რომ ნაძვის ხის შინ შემორჩენილი სათამაშოები მიეტანათ.

"ადრე მანდარინებს და ტკბილეულობას კიდებდნენ ნაძვის ხეზე", - იხსენებს ბახმუტის მკვიდრი ტატიანა. მისი სახლი მდებარეობს სწორედ იმ უბანში, რომელიც გამუდმებით იბომბება. „ხის ქვეშ მხოლოდ მშვიდობა მინდა. ასევე მინდა, რომ ადამიანებმა დაივიწყონ ის საშინელი მომენტები, ის საშინელი ეპიზოდები, რომელთა ნახვაც მოუხდათ“.

"მე მინდა მშვიდობა, სიმშვიდე და სიჩუმე. ისე მინდა სიჩუმე და მშვიდობა!" - ამბობენ მოხალისეთა პუნქტის კართან შეკრებილი ადგილობრივები და ამ დროს შორიახლოს ორი ძლიერი აფეთქების ხმა ისმის. ომში იუმორიც შავია:

„გაფრინდა [რაკეტა]. როდესაც ხმა გაესმის, ე.ი. სხვა მიმართულებით გაფრინდა. აი, როდესაც შენი მიმართულებით მოფრინდება, მის ხმას ვეღარ გაიგებ“,– ამშვიდებს ქალი დანარჩენებს.

კიდევ ერთი ქალი კითხვაზე, თუ რა სურს საახალწლოდ, პასუხობს: "ომი რომ დამთავრდეს, სამუშაო იყოს და ყურსასმენებისთვის ფული დავზოგო, თორემ ერთი მუშაობს, მეორე – არა“.

მეორე „უძლეველობის პუნქტში“ ნაძვის ხე არ არის, თუმცა სარდაფი სადღესასწაულო განათებით არის მორთული. განსაკუთრებით ბევრი ხალხი, მათ შორის, ბავშვია ამ სარდაფში, ღამითაც რჩებიან. მშობლები პატარა ანას და მის ძმას მოხალისეებთან ერთად ტოვებენ მთელი დღით და შინ მხოლოდ საღამოს მიჰყავთ.

„აქ გვაჭმევენ. აქ იმიტომ ვართ, რომ შინ არ ვიყოთ“,– ამბობენ ბავშვები.

დიანა, რომელიც ასევე კმაყოფილია საახალწლო მორთულობით, ამბობს, რომ მან იცის ორი უცხო ენა, სკოლაში შესანიშნავი მოსწავლე იყო, მაგრამ ნახევარი წელია, არ სწავლობს.

"ამჟამად არ ვსწავლობ, მაგრამ მგონია, რომ პირველი სექტემბრიდან შესაძლებელი იქნება სკოლაში წასვლა", - თავდაჯერებულად ამბობს გოგონა.

„ბავშვებს ყურადღება უნდა გადაატანინო. მოგვაიენბით სწორედ ეს თაობა მოვა და თუ ახლა მათ ჩვენ ვერ ვაჩვენებთ, რა არის უკრაინა და რატომ უნდა უყვარდეთ ის, მაშინ ხუთ წელიწადში ისინი ისეთივე პრორუსულები იქნებიან, როგორებიც იყვნენ სხვები“,– განმარტავს ბახმუტის ბავშვებისთვის დღესასწაულის მნიშვნელობას მიხაილ პურიშევი.

მოხალისეები ამბობენ, რომ მათ უკვე შეწყვიტეს ხალხის ევაკუაციის აუცილებლობაში დარწმუნების მცდელობა: ყველა, ვისაც წასვლა სურდა, დიდი ხანია, წავიდა.

"თუ ხალხი ექვსი თვის განმავლობაში იყო დაბომბვის ქვეშ, შესაძლოა, მიზეზი აქვთ, ასე მოიქცნენ, მაგრამ ჩვენთვის ძნელია მათი გაგება", - ამბობს მოხალისე ანტონ იარემჩუკი და განმარტავს ნაძვის ხისა და განათების შესახებ გადაწყვეტილებას: სურთ ბახმუტში დარჩენილებისთვის შექმნან სოციალური სივრცე, სადაც ადამიანები შეძლებენ რეალობასთან ურთიერთქმედებას, რეფლექსირებას:

„ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხამდე მივიტანოთ გზავნილი, რომ ისინი არ მიუტოვებიათ, რადგან ისინი სარდაფებში სხედან, ვერ ხედავენ დღის სინათლეს და გარეთ გამოდიან მხოლოდ მაშინ, როდესაც რაიმე სჭირდებათ – საჭმელი ან წყალი. ნაძვის ხე ფსიქოლოგიური ფაქტორია, უძლეველობის სიმბოლო! სიმბოლო იმისა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ახალ წელს ვერავინ გააუქმებს, ვერც ომი! და ეს ნაძვის ხეც უძლეველია“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები