ბრიტანული დაზვერვა განმარტავს, რუსეთის რა პრობლემები გამოკვეთა ქვეყნის სიღრმეში არსებულ აეროდრომებზე თავდასხმებმა
29/12/2022 08:09:35 მსოფლიო
ბრიტანული დაზვერვა თვლის, რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე აეროდრომებზე მომხდარი ინციდენტები მიუთითებს რუსეთის სირთულეებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებით დაფაროს ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი.
დაზვერვა იხსენებს, რომ 26 დეკემბერს, დილით ენგელსის სამხედრო აეროდრომს, სადაც რუსული სტრატეგიული ბომბდამშენებია განლაგებული, სავარაუდოდ, დრონებით მეორედ დაესხნენ თავს ბოლო სამი კვირის განმავლობაში.
”რუსეთი დიდი ხანის განმავლობაში ძალიან ყურადღებით ეკიდებოდა სახმელეთო საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემების შენარჩუნებას და ახლა სულ უფრო ცხადი ხდება, რომ მისთვის არ არის ადვილი, წინააღმდეგობა გაუწიოს საჰაერო საფრთხეებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. პირველი გამოწვევა რუსეთისთვის შეიძლება, იყოს უზარმაზარი საჭიროება თანამედროვე საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემების, როგორიცაა Pantsir-S1, რომელსაც შეუძლია, შეასრულოს მთავარი როლი დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში. ენგელსის მსგავსი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ზუსტი დაცვის გარდა, ეს სისტემები ახლა დიდი რაოდენობითაა საჭირო უკრაინის ფრონტის ხაზთან მდებარე საველე შტაბის დასაფარად“, - აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა.
დაზვერვა წინა დღის მიმოხილვაში ვარაუდობდა, რომ რუსეთმა შესაძლოა, პრიორიტეტად მიიჩნიოს ფრონტის ხაზის გამართვა კრემენოის მახლობლად, დონბასში მისი ძალებისთვის ტერიტორიის ლოჯისტიკური მნიშვნელობის გათვალისწინებით.
ენგელსი 2–ის აეროდრომი, რომელიც ფრონტის ხაზიდან 800–მდე კილომეტრში მდებარეობს და სადაც რუსული ბომბდამშენებია ბაზირებული, რომლებიც ბომბავენ უკრაინის ქალაქებს, მეორედ გახდა თავდასხმის სამიზნე. რუსული მხარე იუწყება, რომ საფრენი აპარატები არ დაზიანებულა, რადგან ორივე დრონი ჩამოაგდეს, თუმცა სხვა წყაროების მიხედვით, ერთმა დრონმა მიზანს მიაღწია და გაცილებით დააზიანა რუსული სტრატეგიული ავიაცია, ვიდრე წინა ჯერზე. მაშინ საუბარი იყო ორი მომბდამშენის დაზიანებაზე.


