პრიგოჟინმა რუსული ელიტა, მათ შორის, პუტინის მეგობრები გადაიმტერა – მედია
28/12/2022 13:49:46 მსოფლიო
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა პოლიტიკური აქტიურობის გამო რუსეთის ელიტა გადაიმტერა.
გამოცემა "Важные истории“ წერს, რომ პრიგოჟინი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "პუტინის პოვარი", სულ უფრო მეტადაა კონფლიქტში რუსეთის ელიტურ ჯგუფებთან - არა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, არამედ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და ვლადიმირ პუტინის ძველ – სანკტ-პეტერბურგელ მეგობრებსაც კი.
გამოცემა იხსენებს სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ერთ–ერთი „კანონიერი ქურდი“ საუბრობს პრიგოჟინის კრიმინალურ წარსულზე – პატიმრობაში ყოფნის პერიოდზე. კერძოდ, პირი ამბობს, რომ იმ დროს „პუტინის მზარეული“ პატიმართა ყველაზე „დაბალ კასტას“ ეკუთვნოდა, რომლებიც „სხვა პატიმრებს სექსუალურ მომსახურებას უწევენ“.
"უცნობია, რეალობას შეესაბამება თუ არა ნაამბობი, მაგრამ ის აშკარად არის გაკეთებული იმისათვის, რომ შეარყიოს პრიგოჟინის ავტორიტეტი და გაართულოს „ვაგნერის“ მიერ პატიმრების გადაბირების პროცესი უკრაინაში საომრად გასაგზავნად", - აღნიშნავს გამოცემა.
სტატიის ავტორების თქმით, თავად არ იცნობენ ამ კომპრომატის დამკვეთებს, მაგრამ ცხადია, რომ პრიგოჟინმა რუსეთში საკუთარი თავის წინააღმდეგ მრავალი გავლენიანი ადამიანი განაწყო, მათ შორის პუტინის მეგობრებიც. ამ კონტექსტშია მოხსენიებული ბანკ Rossiya-ს მთავარი მფლობელი იური კოვალჩუკი.
მასალაში აღნიშნულია, რომ პრიგოჟინის „ვაგნერი“სასარგებლო იყო უკრაინის ფრონტზე და თავად პრიგოჟინმა დაიწყო პოლიტიკაში ჩარევა, იგრძნო რა მისი გაზრდილი მნიშვნელობა.
„ძველი პეტერბურგელებისთვის ეს მიუღებელია. მათ არ შეუძლიათ, კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანს მისცენ უფლება, მათთან ერთად ითამაშოს მოედანზე“, - წერს გამოცემა.
გამოცემა ასევე ირწმუნება, რომ პრიგოჟინს კონფლიქტი ჰქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილესთან სერგეი კირიენკოსთან. მიზეზი იყო პრიგოჟინის შეჭრა ამ სტრუქტურის პასუხისმგებლობის სფეროში - თანამდებობის პირების დანიშვნასა და გათავისუფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა, კერძოდ, პეტერბურგის გუბერნატორის ალექსანდრე ბეგლოვის, რომელთანაც "პუტინის პოვარს" დიდი ხნის საჯარო კონფლიქტი აქვს.
„პრიგოჟინი, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე პრეზიდენტთან სიახლოვით და მედია რესურსებით, აწუხებს ადმინისტრაციას, რადგან ვერ აკონტროლებს მას და მის მედიას“, - წერს გამოცემა.
ამასთან, პრიგოჟინს დიდი ხანია, საინფორმაციო ველში აქვს კონფლიქტი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და მის გენერლებთან.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პრიგოჟინის დაძაბული ურთიერთობა ФСБ –სთან განვითარდა იმის გამო, რომ ეს სტრუქტურა დაავალდებულეს, დახმარებოდა „ვაგნერს“ მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრების გადაბირებაში.
რუსი ანალოტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ ელიტას, მათ შორის, ძალოვან უწყებებს ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვის მიმართ.


