Accentnews.ge
სოხუმი - ღარიბაშვილს: "არ ვიყიდებით!"

სოხუმი - ღარიბაშვილს: "არ ვიყიდებით!"

28/12/2022 11:29:47 კონფლიქტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ახალი წინადადება გააჟღერა, რომლითაც ბევრი აღაშფოთა როგორც თბილისში, ისე აფხაზეთშიც.

"ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტი სულ რაღაც 200 მილიონ დოლარს შეადგენს, თანაც სრულად დოტაციაზეა მათი ბიუჯეტი. მინდა, ვთქვა, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი დებისთვის და ძმებისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს, ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა ეკონომიუკრ საბჭოზე მსჯელობა. აფხაზეთი შეიძლება, გახდეს მეორე მონაკო. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. აფხაზეთს აქვს შესაძლებლობა გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი - მეორე მონტე კარლო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის წარდგენისას.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში მიღებულია გადაწყვეტილება, ღარიბაშვილის შეთავაზება უკომენტაროდ დატოვონ. ასეთი პასუხი გასცეს უწყების პრეს-სამსახურში "Эхо Кавказа"-ს, რომელიც სოხუმის ოფიციალური პოზიციის გარკვევას ცდილობდა.

სამაგიეროდ ღარიბაშვილის შეთავაზებას გამოეხმაურა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი კან ტანია. მან სოცქსელში განცხადება გამოაქვეყნა სათაურით "საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის აღიარების წინადადებით გამოვიდა?" და მოუწოდა თბილისს, "ომის შედეგად მიყენებული ეკონომიკური ზარალი აფხაზეთს სრულად აუნაზღაუროს და ამასთანავე, მისი სუვერენიტეტი აღიაროს".

"ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამი წლის განმავლობაში $10 მლრდ ჩადოს, თუ მოვისურვებთ საქართველოსთან კვლავ გაერთიანებას. მისი თქმით, "ძალიან ადვილია მსგავსი ინვესტიციების ორგანიზება და აფხაზეთის ქცევა მეორე მონაკოდ, სოხუმისა კი - მონტე-კარლოდ". პატივცემულო ბატონო ღარიბაშვილო! მინდა, შეგახსენოთ, რომ საქართველოს მიერ 1992-1993 წ.წ. გაჩაღებული ომით გამოწვეულმა ნგრევამ აფხაზეთს, სხვადასხვა მონაცემებით, $17 მლრდ-ის ზარალი მოუტანა. ასე, რომ თუ ეკონომიკური ზარალის ჭრილში ვისაუბრებთ, აფხაზეთის წინაშე ბევრად მეტი გმართებთ, თანაც ყოველგვარი "თუების" გარეშე. მაგრამ აფხაზეთის რესპუბლიკა საქართველოს არანაირი ფულის სანაცვლოდ არ შეუერთდება, ჩვენი სუვერენიტეტი არ იყიდება და არც ჩვენი თავისუფლებით ვვაჭრობთ! თუმცა თქვენს წინადადებაში არის რამდენიმე საღი აზრიც, მაგალითად, ის, რომ აფხაზეთს შეუძლია, იქცეს მონაკოდ. ამისათვის $10 მლრდ-ის ხარჯვაც კი არ მოგიწევთ, - საკმარისია უბრალოდ მთავრობის დადგენილების მიღება აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარების თაობაზე, რაც გაერო-ში გაწევრიანების, სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობისა და ჩვენი ქვეყნის დამატებითი განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს. თქვენ ირწმუნებით, რომ ტიფლისი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ მშვიდობიანი პოლიტიკის მომხრეა და ამ მიდგომის გადახედვას არ აპირებს. მაგრამ ჟენევის დისკუსიები, რომელთა მთავარ მიზანს თბილისის მიერ ჩვენს მიმართ ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის გაფორმება წარმოადგენს, 1994 წლიდან გრძელდება, სამშვიდობო შეთანხმება კი ჯერაც არაა გაფორმებული. ამგვარად, თქვენი სიტყვები და საქმეები ერთმანეთს არ ემთხვევა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხები კი საქართველოსადმი ნდობის აღდგენის გზაზე დადგომას მხოლოდ ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ შეძლებენ. ყველა სხვა შემთხვევაში ქართველი პოლიტიკოსების სიტყვები ჩვენს საზოგადოებებში სერიოზულად აღქმული ვერ იქნება. ასე, რომ გთავაზობთ, აუნაზღაუროთ აფხაზეთს ომით მიყენებული ეკონომიკური ზარალი და აღიაროთ მისი სუვერენიტეტი სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების საიმედო უზრუნველყოფისთვის" - ნათქვამია ტანიას პუბლიკაციაში.

ღარიბაშვილის მიმართვას გამოეხმაურა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბაც, რომლის თქმით, თბილისს "ნორმალური" პოლიტიკის გატარება ჰმართებს:

"ვიტყოდი, რომ სწორედ ეს თანხა დაფარავდა ომის შედეგად აფხაზეთისთვის მიყენებულ მძიმე იარებს, ის რომ რეპარაციის სახით ყოფილიყო გადახდილი. ხოლო აფხაზურ საზოგადოებასთან ნორმალური დიალოგის დასამყარებლად საჭიროა ნორმალური პოლიტიკის წარმოება და უარის თქმა აბსურდულ კანონებზე, როგორიცაა კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".

ღარიბაშვილის ინიციატივას მკვახედ უპასუხა დე ფაქტო დეპუტატმა ინარ გიცბამაც, რომელმაც ქართველი პრემიერის შეთავაზება "მორიგ პოპულისტურ, შიდა ქართულ აუდიტორიაზე ორიენტირებულ გამონათქვამად" შეაფასა:

"ეს განცხადება აფხაზი ხალხის მიმართ უპატივცემულობის მორიგი გამოვლინებაა. ქართული აგრესიის შემდეგ ყველაზე მძიმე წლებშიც კი აფხაზი ხალხი არ იყიდებოდა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ერთადერთი სწორი და კანონზომიერი ნაბიჯი იქნებოდა აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარება, ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის გაფორმება და რეპარაციების გადახდა, რომლის მოცულობა, სხვათა შორის, გაცილებით აღემატება ღარიბაშვილის მიერ დასახელებულ თანხას. ვურჩევდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ნუ ხარჯავს ენერგიას აფხაზეთის ხალხისთვის იმთავითვე მიუღებელ, აპრიორი უსაგნო წინადადებებზე. უმჯობესია, მოახდინოს ძალისხმევის კონცენტრირება ჩვენი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის შეწყვეტაზე, უპირველესად - ისეთის, როგორიც გადაადგილების, განათლებისა და ჯანდაცვის მიღების, სხვა უფლებები და თავისუფლებებია. და კიდევ: ვურჩევდი მას, ბოდიშის მოხდა არ დაავიწყდეს!".

"დეპუტატის" შეფასებით, "აფხაზეთს მართლაც გააჩნია კოლოსალური პოტენციალი, მონაკოზე არანაკლებ ცხოვრების დონეს საქართველოს გარეშე მიაღწიოს".

"აღიარეთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, შეწყვიტეთ სხვადასხვა დონეზე აფხაზეთის ბლოკირება საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობისგან. აფხაზი ხალხი კი თავად გადაწყვეტს, რა მიმართულებით იაროს და განვითარდეს, რათა ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონე ამაღლდეს", - წერს გიცბა.

აფხაზი საზოგადო-პოლიტიკური მოღვაწე, "აფხაზეთის გმირი" ასლან კობახია კი ურჩევს ღარიბაშვილს, "საკუთარ ქვეყანაზე იზრუნოს და 10 მლრდ ქართულ ეკონომიკაში დააბანდოს":

"აფხაზეთი დიდი ხანია, საქართველოს ინტერესების წიაღში აღარაა, მაგრამ ისინი პერიოდულად ცდილობენ, აჩვენონ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას, რომ აფხაზეთი არ დაჰვიწყებიათ. აი, აფხაზეთმა კი ისინი დიდი ხანია, დაივიწყა, - ამაშია მათი უბედურება. აფხაზები როგორმე უმათოდ მოუვლიან თავს. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. საქართველოს მმართველებს 30 წლის განმავლობაში ათჯერ, ან შესაძლოა, ასჯერაც კი აქვთ გაჟღერებული სხვადასხვა ვარიანტები, სიკეთეების შეპირებები, რომლებზეც აფხაზური საზოგადოება არანაირად არ რეაგირებს. თუ ისინი ეხმარებიან ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მართლაც მძიმედ არიან ავად, ეს არაფერზე მეტყველებს. შეიძლება, მათ ამისთვის ადამიანური მადლობა ვუთხრათ, მაგრამ ესაა და ეს, - ამით აფხაზეთის 1992-ში დაბრუნება არ გამოუვათ".

კობახია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "აფხაზეთს არასოდეს ეყოლება ხელმძღვანელობა, რომელიც მისი სტატუსის შეცვლას შეეცდება".

"ეს სასიკვდილო საფრთხე იქნება ნებისმიერი მმართველისთვის, რომელიც არათუ შეეცდება, არამედ გაიფიქრებს მაინც აფხაზეთის სტატუსის შეცვლას. ეს არავის გამოუვა. აფხაზეთში გაიზარდა ახალი თაობა, რომელიც დამოუკიდებელ, ამაყ ქვეყანაშია აღზრდილი», - დასძინა კობახიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S