უკრაინის გენშტაბი – კრიტიკული მნიშვნელობის ობექტებზე დარტყმების საფრთხე კვლავ არსებობს
28/12/2022 06:17:34 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 1 სარაკეტო დარტყმა და 33 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ხერსონის სამოქალაქო ობიექტებზე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ გასულ ღამით, ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ რუსმა სამხედროებმა ხერსონზე შეტევისას დაცხრილეს საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაც, სადაც ექიმებთან ერთად 5 პაციენტი იმყოფებოდა. ტიმოშენკოს განცხადებით, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დღეს დილით განაცხადეს, რომ შენარჩუნებულია კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე საავიაციო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე დონეცკის ოლქში განაგრძობს შეტევებს ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებებით და ლიმანთან ცდილობს ტაქტიკური პოზიციების გაუმჯობესებას. ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის 13 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ბახმუტის და ავდეევკის რაიონებში და ლუგანსკის ოლქის 2 დასახლებულ პუნქტთან. მოწინააღმდეგე ცეცხლსასროლი იარაღით, არტილერიითა და ტანკებით უტევდა ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების დასახლებულ პუნქტებს.
უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, შეიარაღებული ძალების სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 1 მართვის პუნქტი, საბრძოლო მასალების 2 საწყობი და პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 7 რაიონი.


