კიევი – რუსეთმა უკრაინაში უკვე 35 000-ზე მეტი ობიექტი დაანგრია
28/12/2022 06:14:40 მსოფლიო
უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 35 ათასზე მეტი ობიექტი დაანგრიეს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევგენი ენინმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, განადგურებულია კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის 702 ობიექტი, მათ შორის გაზსადენები, ელექტროსადგურები და ხიდები. როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებით დიდი ზარალია დონეცკის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა უმწვავეს ენერგოკრიზისშიც აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ოქტომბრის შუა რიცხვებიდან რუსეთმა დაიწყო მიზანმიმართული, მასირებული სარაკეტო დარტყმები უკრაინის ენერგოობიექტებზე. კრიზისის დასაძლევად უკრაინას ფინანსებით და ტექნიკური საშუალებებით პარტნიორი ქვეყნები ეხმარებიან.


