ზელენსკი: "მომავალი წელი გადამწყვეტი უნდა იყოს"
28/12/2022 06:10:33 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ, 2023 წელს გადამწყვეტს უწოდებს და პარლამენტის წინაშე გამოსვლისთვის ემზადება. 27 დეკემბერს, ღამით უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ განაგრძობენ თავდაცვის და უსაფრთხოების ძალების მომზადებას მომავალი წლისთვის, რომელიც გადამწყვეტი უნდა იყოს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ესმით რა რისკებია ზამთარში, რა უნდა გააკეთონ გაზაფხულზე და რა შედეგები უნდა აჩვენოს თავდაცვის და უსაფრთხოების მთელმა სექტორმა.
"ეს კვირა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკური თვალსაზრისით", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან უახლოესი პერიოდის ამოცანებად დაასახელა მტრისგან უკრაინული მიწის გათავისუფლება, ქვეყნის აღდგენა, უკრაინელების სახლში დაბრუნება, სახელმწიფოს შემდგომი დაახლოება ძირითად პარტნიორებთან და უკრაინისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნა.
მისი თქმით, ამ ამოცანების შესასრულებლად საკუთარ ხედვას მალე წარუდგენს პარლამენტს, ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.


