თურქეთში რუსებს პრობლემები შეუქმნეს
27/12/2022 20:58:16 მსოფლიო
თურქეთში რუსებზე ტურისტული ბინადრობის ნებართვის გაცემა შეწყვიტეს, რომელიც ქვეყანაში მინიმუმ ერთი წლით დარჩენის უფლებას იძლევა. წლის განმავლობაში ეს მესამედ მოხდა. 26 დეკემბრიდან თურქეთის სხვადასხვა რეგიონში რუსებს, რომლებმაც შესაბამის უწყებებს მიმართეს ე.წ. ტურისტულ ბინადრობის ნებართვისთვის, პრობლემები შეექმნათ. კერძოდ, მათ, ვინც აპირებდა განაცხადის გაკეთებას და გასაუბრების გავლას უცხოელების საქმეთა ოფისში, შეხვედრა გაუუქმეს, ხოლო ვინც მივიდა ბინადრობის ნებართვისთვის, დოკუმენტზე უარი უთხრეს,– განუცხადა VPost-ს რამდენიმე რუსმა, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ ფეთჰიეში, იზმირში და კასში.
”26 დეკემბრიდან მოულოდნელად გაამკაცრეს წესები, მოითხოვეს დისტანციური მუშაობის დადასტურება ბინადრობის ნებართვის მისაღებად და ხალხმა ამის შესახებ დაგვიანებით შეიტყო, შემდეგ გამოჩნდა ინფორმაცია ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის შესახებ. დღეს კი გააუქმეს ჩემი შეხვედრა, რომელზეც საბუთები უნდა წარმედგინა“, - ამბობს რუსი, რომელიც ახლა ფეთჰიეში ცხოვრობს.
„დღეს მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ უარი ბინადრობის ნებართვაზე ფორმულირებით „ქვეყანაში დარჩენის განზრახვის გაურკვევლობა“, უკეთესი იქნებოდა, ადრეულ ეტაპზე ეთქვათ უარი, რადგან ახლა თურქეთიდან 10 დღიან ვადაში უნდა გავემგზავროთ ერთი დღით მაინც, არადა ბინა ერთი წლით გვაქვს დაქირავებული“,– წუხს კიდევ ერთი რუსი და ამბობს, რომ მისი თანდასწრებით უარი მიიღეს სხვა განმცხადებლებმაც რუსეთიდან.
გაურკვეველია, როგორი იქნება დამოკიდებულება იმ რუსების მიმართ, რომელთაც უძრავი ქონება აქვთ შეძენილი თურქეთში.
ბევრმა რუსმა აირჩია თურქეთი გადასახლებისთვის სწორედ ტურისტული ბინადრობის ნებართვის მოპოვების სიმარტივის გამო: ამისთვის საჭირო იყო შემოსავლის დამადასტურებელი საბუთი და ნოტარიულად დამოწმებული გრძელვადიანი კონტრაქტი (ექვსი თვიდან) საცხოვრებლის დაქირავების თაობაზე.
უვიზოდ რუსებს შეუძლიათ თურქეთში დარჩნენ 60 დღით ნახევარ წელიწადში, ხოლო გამგზავრებით –90 დღე. შემდეგ 90 დღით უნდა დატოვონ ქვეყანა და თავიდან დაიწყება ციკლი.
თურქეთის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, სექტემბრის მდგომარეობით, რუსები გახდნენ თურქეტში უძრავი ქონების მთავარი მყიდველები და გაუსწრეს ირანელებსა და ერაყელებს. მსგავსი მოცემულობა ყველას არ მოსწონს: მაგალითად, შემოდგომაზე ანტალიის მაცხოვრებლებმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელიც მოითხოვდაუცხოელებზე, უპირველესად რუსებსა და უკრაინელებზე უძრავი ქონების მიყიდვის შეწყვეტას, რადგან მათი ხედვით, ეს ზრდის უძრავი ქონების ფასს – ბოლო ორი წლის განმავლობაში ფასი 5–ჯერ გაიზარდა.
ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმას უჩივიან უკრაინის მოქალაქეებიც სოციალურ ქსელებში. თუმცა, მათ უფლება აქვთ დარჩნენ თურქეთში სტატუსის ოფიციალურად გაფორმების გარეშე უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულებამდე.
ამ წლის შუა პერიოდიდან თურქეთში ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის რაოდენობა იზრდება ყველა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, – ამბობს სავიზო კონსულტანტი, რომელიც ეხმარება კლიენტებს ამ დოკუმენტის მოპოვებაში. მისი აზრით, მიზეზი უცხოელების უზარმაზარი ნაკადია, რითაც ქვეყანაში ყველა არ არის კმაყოფილი.
„ბევრმა ტურისტული ვიზა თურქეთში მუდმივად საცხოვრებლად გამოიყენა და ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მთავრობა აპირებს, შეცვალოს მისი გაცემის პროცედურა – გაზარდოს საჭირო საბუთების სია და მოითხოვოს ბევრად უფრო რთული სამუშაო ვიზა“, - ამბობს ის.


