
პრემიერი: "განსაკუთრებულ ძალისხმევას მივმართავთ პორტებზე, ინფრასტრუქტურასა და რკინიგზაზე"
27/12/2022 10:53:15 პოლიტიკა
"განსაკუთრებულ ძალისხმევას მივმართავთ პორტებზე, ინფრასტრუქტურასა და რკინიგზაზე", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინერესს ბევრი კომპანია გამოხატავს.
„მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ დავაანონსეთ ანაკლიის პორტის მშენებლობა, ჩვენი გადაწყვეტილებით, აშენდება. სახელმწიფო უნდა იყოს მესაკუთრე აღნიშნული სტრატეგიული ობიექტის, ანაკლიის პორტის 51 % იქნება სახელმწიფოს კუთვნილება. ფოთის პორტი არის გასხვისებული, ბათუმის პორტი არის გასხვისებული, ჩვენ არავითარი ბერკეტი არ გვაქვს გარკვეული რეგულაციები მოვახდინოთ ტარიფებთან მიმართებაში თუ სხვა, ამიტომ იმ ფონზე, როცა მთელი ქვეყნები და განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ქვეყნები, თანხმდებიან, რომ აუცილებელია დივერსიფიკაცია, ახალი მარშრუტების დამუშავება, ჩვენს კორიდორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებული ყურადღება არის მიმართული ჩვენი კორიდორის მიმართ, ამიტომ აუცილებელი არის, რომ იყოს გამართული პორტი, პორტები, ინფრასტრუქტურა, რკინიგზა და სწორედ ამ მიმართულებით, ჩვენ განსაკუთრებული ძალისხმევას მივმართავთ და განსაკუთრებით ინვესტიციებს ჩავდებთ. დანარჩენ 49 %–ზე გვინდა, გამოვაცხადოთ საერთაშორისო ტენდერი, ბევრი კომპანია გამოხატავს ინტერესს და უახლოეს რამდენიმე თვეში გაირკვევა შესაბამისი შედეგიც“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.