გადააყენეს ФСБ-ს გენერალი, რომელიც საწამლავების წარმოებას კურირებდა
27/12/2022 09:41:55 მსოფლიო
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სამეცნიერო-ტექნიკური სამმართველოს უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ედუარდ ჩერნოვოლცევი თანამდებობიდან გადააყენეს, - იუწყება "The Insider" სპეცსამსახურში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა РБК-ც.
მისივე მონაცელებით, ჩერნოვოლცევს ექვემდებარებოდა ФСБ-ს მე-8 (ინფორმაციის დაცვის) და სპეცტექნიკის ცენტრები, ასევე სპეცკავშირის სამმართველო. გარდა ამისა, იგი კურირებდა ФСБ-ს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ-2-ს, სადაც, არაერთი კვლევის შედეგების თანახმად, საწამლავებზე მუშაობდნენ და რომლის თანამშრომლებიც კავშირში არიან ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, ჟურნალისტ ვლადიმირ კარა-მურზას და მწერალ დიმიტრი ბიკოვის მოწამლვებთან.
ოფიციალური ვერსიით, ჩერნოვოლცევი ასაკის გამო პენსიაზე გაუშვეს. თუმცა ამ რანგის თანამშრომლებს რუსეთში, როგორც წესი, სამსახურში 70 წლამდე ტოვებენ, - აღნიშნავს გამოცემა.
"The Insider"-ის წყაროების ინფორმაციით, კრემლში უკიდურესად უკმაყოფილონი იყვნენ მონაცემთა გაჟონვის გახშირებით, რამაც ჟურნალისტებს, მათ შორის, პუტინის გარემოცვის წევრთა საქმიანობის შესახებ საგამოძიებო მასალების გამოქვეყნების შესაძლებლობა მისცა.
სხვა წყაროების ინფორმაციით, ჩერნოვოლცევი უკმაყოფილო იყო უკრაინასთან ომით და ამ კუთხით საკუთარი პოზიცია არაერთგზის დააფიქსირა მეგობრებთან საუბრებში.


